4 თებერვალს ჩინეთმა, დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ პროდუქციაზე გამოცხადებული 10%-იანი ტარიფების შემდეგ, საპასუხო ზომები მიიღო და სხვადასხვა ამერიკულ პროდუქტზე 10%-იანი და 15%-იანი ტარიფები გამოაცხადა.
ჩინეთის მთავრობის თქმით, 10 თებერვალს ისინი დამატებით 15%-იან ტარიფს დააწესებენ ამერიკულ ნახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე, ხოლო ნედლ ნავთობზე, სოფლის მეურნეობის მანქანებზე, პიკაპის ტიპისა და დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე 10%-იანი ტარიფი ამოქმედდება.
ჩინეთმა საპასუხო ზომები მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები ძალაში შევიდა იმ ფონზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ დაგეგმილი 25%-იანი ტარიფების დაწესება ერთი თვით გადადო.
თეთრ სახლში 31 იანვარს დაადასტურეს, რომ 1-ელი თებერვლიდან აშშ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს - კანადას, მექსიკასა და ჩინეთს - ტარიფებს დაუწესებდა, რასაც საფონდო ბირჟებზე აქციების ფასებზე ვარდნა მოჰყვა. თუმცა, კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ ტარიფები ტრამპმა მას შემდეგ გადადო, რაც იგი მექსიკის პრეზიდენტს კლაუდია შაინბაუმსა და კანადის პრემიერმინისტრს ჯასტინ ტრუდოს ესაუბრა.
მოლაპარაკებების შედეგად, დათანხმდა ჩრდილოეთ საზღვარზე ეროვნული გვარდიის 10 000 წევრის განლაგებას, საზღვარზე ნარკოტიკების, კერძოდ ფენტანილის, კონტრაბანდის შეჩერების მიზნით. შაინბაუმის თქმით, შეთანხმება ასევე მექსიკაში აშშ-ს მუშაობას ითვალისწინებს, მაღალი სიმძლავრის იარაღების კონტრაბანდის შეჩერების მიზნით.
ტრამპთან საუბრის შემდეგ ტრუდომ განაცხადა, რომ კანადა სამხრეთ საზღვარზე $1.5-მილიარდიან გეგმას დანერგავს, რითაც საზღვარი ახალი ვერტმფრენებით, ტექნოლოგიითა და კადრებით გამაგრდება. მან ასევე თქვა, რომ საზღვრის დასაცავად 10 000 კადრი მუშაობას გააგრძელებს. ამასთანავე, კანადა მექსიკურ კარტელებს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს და ორგანიზებულ დანაშაულთან, ფენტანილთან და ფულის გათეთრებასთან საბრძოლველად აშშ და კანადა ერთობლივ ოპერაციას დაიწყებენ.
ტრამპმა ბოლო პერიოდში სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების მუქარის ხშირი გამოყენება დაიწყო, რისი პირველი სამიზნეც კანადა და მექსიკა გახდნენ. ამის მიზეზი, ტრამპის თქმით, არალეგალური იმიგრაციისა და საზღვარზე ნარკოტიკების კონტრაბანდის გადატანის აღმოუფხვრელი პრობლემაა. აშშ-ს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მეზობელი სახელმწიფოები ამ მხრივ არასაკმარის ძალისხმევას დებენ პრობლემის გადაჭრაში.
ამას გარდა, 30 იანვარს ტრამპი 100%-იანი ტარიფების დაწესებით განმეორებით დაემუქრა BRICS-ის წევრ ქვეყნებსაც, მათ შორის, ბრაზილიას, რუსეთის, ინდოეთსა და ჩინეთს, თუკი ისინი სარეზერვო ვალუტად ამერიკული დოლარის ჩანაცვლებას შეეცდებიან.
ტრამპი ტარიფებით დაემუქრა დანიასაც, თუ მისი მთავრობა აშშ-სთვის გრენლანდიის დათმობაზე არ დათანხმდებოდა. მან ტარიფებით მუქარის ხერხს მიმართა კოლუმბიის წინააღმდეგაც, როდესაც პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უარი თქვა აშშ-დან გაგზავნილი ორი სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომელშიც დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
- კოლუმბიამ აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების ორი სამხედრო თვითმფრინავი არ მიიღო
-
ტრამპმა კოლუმბიას ტარიფები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა მიგრანტების მიღებაზე დავის გამო
პეტროს მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ტრამპმა ყველა კოლუმბიურ პროდუქტზე საგანგებო 25%-იანი ტარიფის დაწესების ბრძანება გასცა, ხოლო ქვეყნის მთავრობის წევრების, ასევე მათი მხარდამჭერებისა და ოჯახების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დააწესა. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გააუქმა, რაც ორივე მხარე კოლუმბიელი მიგრანტების აშშ-დან დეპორტაციის პროცესზე შეთანხმდა.





