აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი

აშშ-მ $125 მილიარდის ღირებულების ჩინურ საქონელს 15%-იანი ტარიფი დაადო

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ერთმანეთის საქონელს მორიგი ტარიფები დაადეს. ტარიფები ძალაში 1 სექტემბერს შევიდა.

შეერთებულმა შტატებმა 15%-იანი ტარიფი დაადო 125 მილიარდი დოლარის ღირებულების იმპორტირებულ ჩინურ საქონელს. მათ შორისაა სმარტ სპიკერები, უსადენო ყურსასმენები, წიგნები, ჩვილების საფენები და ფეხსაცმელები.

ამერიკული მხარე მორიგ ტარიფებს აანონსებს 15 დეკემბრისთვის. ამჯერად, გადასახადი დაუწესდება მობილურ ტელეფონებს, ლეპტოპებს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს. ამავდროულად, ჩინეთმა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელს, მათ შორის ნელდ ნავთობს დაადო ტარიფები.

აშშ-ისა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს. 10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა. ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფები გაზარდა. ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ აშშ-მა ჩინეთი უსამართლო ვაჭრობაში დაადანაშაულა და მხოლოდ გასულ წელს ჩინურ პროდუქციას 250 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფები დაუწესა. აშშ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაშიც ადანაშაულებს და მოითხოვს შეცვალონ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს უსამართლოდ ანიჭებს უპირატესობას სუბსიდიების სახით.

ჩინეთმა ამას ამერიკულ პროდუქციაზე 110 მილიარდი აშშ დოლარის ტარიფების შემოღებით უპასუხა.

6 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ცნო. ტრამპის ადმინისტრაცია ასევე 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 10%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავდა, რომელიც ტრამპის ზემოთაღნიშნული განცხადების შემდეგ, შესაძლოა, 15% გახდეს.

მსოფლიოს ორ უმსხვილეს სახელმწიფოს შორის სავაჭრო ომი 2018 წელს დაიწყო. მიმდინარე წელს ჩინეთისა და აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა 14%-ით შემცირდა.

კომენტარები