შვედეთი

ერებრუში მომხდარი სროლის ფონზე შვედეთი იარაღზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

ადამიანებმა საგანმანათლებლო ცენტრთან, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ყვავილები და სანთლები მიიტანეს, 7 თებერვალი, 2025
REUTERS/Kuba Stezycki

ქალაქ ერებრუში მომხდარი სროლის ფონზე, რომელსაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შვედეთი იარაღის კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. არსებული ცნობებით, თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, რამდენიმე ტიპის ლიცენზირებული ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. 

5 თებერვალს შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა ერებრუში არსებულ ზრდასრულთა საგანმანათლებლო ცენტრს. მან კამპუსზე მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა. Reuters-ისა და შვედურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 35 წლის რიკარდ ანდერსონია. ეჭვმიტანილმა თავდასხმის შემდეგ საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. 

ადგილობრივ პოლიციას დაღუპულთა ვინაობა ჯერჯერობით არ გაუმჟღავნებია. ასევე უცნობია, ამოძრავებდა თუ არა ეჭვმიტანილს რაიმე იდეოლოგიური მოტივი თავდასხმამდე. 

Reuters-ის ცნობით, შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, გაამკაცროს შემოწმების პროცესი ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც იარაღის ნებართვაზე შეაქვთ განაცხადი და კანონით შეზღუდოს რამდენიმე ტიპის ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. 

მთავრობის განცხადებით, მათ სამხედრო დიზაინის AR-15-ის ტიპის შაშხანის აკრძალვა სურთ, რომელიც აშშ-ში მომხდარი მასობრივი სროლების დროს ხშირად გამოუყენებიათ. 

"ცოტა ხნის წინ ორებრუში მომხდარი შემზარავი სროლის ფონზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავიწვიოთ ამ ტიპის იარაღის რეგულაცია და სრულად ავკრძალოთ ის". - უთხრა შვედეთის იუსტიციის მინისტრმა გუნარ სტრომერმა როიტერსს. 

მინისტრის თქმით, კვლავ უცნობია, თუ რა ტიპის ცეცხლსასროლი იქნა გამოყენებული ერებრუში მომხდარი სროლის დროს, თუმცა AR-15-ის ტიპის შაშხანის აკრძალვა "პრევენციული ზომა" იქნება. 

მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ პოლიციასა და ჯანდაცვისა და კეთილდღეობის ეროვნულ საბჭოს შორის ინფორმაციის მიმოცვლის გაძლიერება სურს იმ პირების შესახებ, რომლებსაც იარაღის ქონის უფლება სამედიცინო მიზეზების გამო არ უნდა ჰქონდეთ. 

"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ შვედეთში მხოლოდ სწორ ადამიანებს ჰქონდეთ იარაღი". - თქვა შვედეთის პრემიერმინისტრმა საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები