მზია ამაღლობელის დაკავება

ამაღლობელის ადვოკატი: დღეს მზიას ვივამედში ექიმთა კონსილიუმი მოინახულებს

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის თქმით, დღეს ჟურნალისტთან კლინიკა ვივამედში სახალხო დამცველის ეგიდით შედგენილი ექიმთა კონსილიუმი შევა. 

"მხნედ არის, რა თქმა უნდა, დასუსტებულია. არის გამხდარი, გარკვეულწილად შენელებული - ეს გასაგებიც არის, 27-ე დღეა, შიმშილობს. [...] დღეს შედის ექიმთა კონსილიუმი. სახალხო დამცველის ეგიდით შედგა ეს ჯგუფი. ექიმები არიან, როგორც დაცვის მხარის მხრიდან, ისე მზიას და მისი ახლობლების მხრიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანები" - ამბობს ქათამაძე ფორმულასთან. 

ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა, რომელიც მოამზადებს დასკვნას და რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც  სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.

ჯგუფში 4 ექიმი შედის: 

1. ელენე გიორგაძე - ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია;

2. გიორგი გვილია - გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები;

3. გიორგი ჯავრიშვილი - ოფთალმოლოგია;

4. ალექსანდრე ცისკარიძე - ნევროლოგია. 

 ამაღლობელი კვლევებისთვის კლინიკა ვივამედში 4 თებერვალს გადაიყვანეს.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით 11 იანვარს დააკავეს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა.

"მომეტებულად საბუთდება ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე". - თქვა მოსამართლემ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 4 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები