რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-ის ინფორმაციით, რუსეთი მზადაა აფხაზეთში ელექტროენერგიის ეტაპრობრივად გათიშვის აღმოსაფხვრელად გადაწყვეტილება იპოვოს. ამასთან დაკავშირებით რუსეთის ვიცეპრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა 6 თებერვალს ისაუბრა.
"ხვალიდან ვეცდებით, ყველა შესაძლო ზომას მივმართოთ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის სრული მიწოდების უზრუნველსაყოფად. აფხაზეთის მოსახლეობასა და სოციალურ-ეკონომიკური სფეროს ობიექტებს დამატებითი ელექტროენერგია ესაჭიროებათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკვე გაწვდით ენერგიას თქვენი მოთხოვნის საფუძველზე. მხარდაჭერის სახით, ჩვენ მზად ვართ ვიპოვოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები" - თქვა ნოვაკმა.
6 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ბადრი გუნბა მოსკოვში ჩავიდა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.
ოკუპირებულ რეგიონში არსებული ელექტროკრიზისის ფონზე გუნბა შეხვდა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ევგენი გრაბჩაკსაც. გრაბჩაკის თქმით, რუსეთი ხვალვე იქნება მზად, აღადგინოს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
"ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთის მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს ელექტროენერგიის დეფიციტით და მზად ვართ საფუძვლიანად განვიხილოთ აფხაზეთის ელექტროენერგეტიკული კომპლექსის განვითარების ყველა ასპექტი, ელექტროენერგიის მიწოდების ასპექტები. და მე ვფიქრობ, რომ ერთად აუცილებლად ვიპოვით დეფიციტის საკითხთა გამოსავალს, რომელიც ამჟამად ჩნდება." - თქვა გრაბჩაკმა.
ოკუპირებული რეგიონის ოპოზიციურ მედიებში წერენ, რომ, რეალურად, აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ვალერი ბგანბას დამსახურებაა. როგორც აიაშარა წერს, ბგანბა რუსეთთან ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა და "ვიღაც ეცდება, რომ ეს კარგი ამბავი მიიწეროს". ბჟანიას წინააღმდეგ განწყობილი სეპარატისტების ნაწილი ბგანბას უჭერს მხარს.
ბადრი გუნბა ოკუპირებული აფხაზეთის გადაყენებული ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ფრთას წარმოადგენს. ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისამდე გუნბა ე.წ. ვიცეპრეზიდენტი იყო.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული კომპანიის, Черноморэнерго-ს აღმასრულებელი დირექტორი, თემურ ჯინჯოლია ამბობდა, რომ ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის მხრიდან ელექტროენერგიის მიწოდება 18 თებერვლამდე იქნება საკმარისი.