23 დეკემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთისგან ელექტროენერგია ისევ 4-4 საათიანი შეზღუდვებით აღუდგება. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ გამოცემა TACC-ს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრის პირველი მოადგილემ და ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. მინისტრმა ძანსუხ ნანბამ უთხრა.
"23 დეკემბრიდან ელექტროენერგიის მიწოდება მკვეთრად გაიზრდება. შეზღუდვები ახალი განრიგის მიხედვით დაწესდება - 2 საათით დღის განმავლობაში, ხოლო 2 საათით - ღამის". - თქვა ნანბამ.
აღნიშნული 4-საათიანი შეზღუდვა რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს 1-ელ ნოემბერს დაუწესა. თუმცა 11 დეკემბრიდან ეს შეზღუდვა კიდევ უფრო გაიზარდა, რის შედეგადაც ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია დღის განმავლობაში მხოლოდ სამი საათით, ხოლო ღამის საათებში 22:00 საათიდან 08:00 საათამდე მიეწოდებოდა.
ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის გაზრდის გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც აფხაზეთის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა ბადრი გუნბამ რუსეთის მთავრობას თხოვნით მიმართა, "რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის სახით, ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა".
იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს ნოემბრის დასაწყისიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებოდა, ინფორმაცია თავდაპირველად ოქტომბერში გავრცელდა.
11 დეკემბერს კი, ელექტროენერგიის გაზრდილი შეზღუდვების ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ 17 დეკემბრამდე სასწავლო პროცესი შეაჩერა.
მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომისა და რუსულ-აფხაზური საინვესტიციო კანონის გაწვევის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს დაფინანსება თითქმის სრულად შეუწყვიტა.