რეჟიმის სასამართლომ თბილისი მოლთან აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - სწორედ ბრალდების მხარემ მოითხოვა 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო. დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან და მათ მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. ნაწილს 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ნაწილს კი - 4 000 და 3 500 ლარის ოდენობით.
შსს-ს 4 თებერვლის განცხადების მიხედვით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დააკავეს ირაკლი წიგნაძე, გიგი უგულავა, ირაკლი ტაბლაძე, ნიკოლოზ კუტუბიძე, ვასილ ელიავა, ნიკოლოზ ქუმსიშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი. მათ ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას [...]
[...] როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 2 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში, დაიწყეს შეკრება და მოგვიანებით, მსვლელობით თბილისის გასასვლელის მიმართულებით გადაინაცვლეს. შეკრების ადგილებზე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ კომუნიკაციაში იყვნენ აქციის ორგანიზატორებსა და წევრებთან.
მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადებებისა და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აქციის წევრებს არ მოეხდინათ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირება , შეკრების დაწყებიდან მალევე აქციის მონაწილეთა ნაწილი, არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გადავიდა გზის სავალ ნაწილზე და შეეცადა საავტომობილო გზის ბლოკირებას" - აცხადებს შსს.