ივანიშვილის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს, ასევე ცვლილებები ეხება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსაც.
ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდება საჯარო და/ან პოლიტიკური პირის შეურაცხყოფაზე. ამასთან, სისხლის სამართლის დანაშაული გახდება საჯარო და/ან პოლიტიკური პირის მიმართ მუქარა და "საქმიანობასთან დაკავშირებით" თავდასხმა.
"ამკაცრებთ კანონმდებლობას, რათა ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების დაცვა უკეთ იყოს შესაძლებელი! - მოქმედი კანონმდებლობა იმ ადამიანების ქსელის მოთოკვას ვერ უზრუნველყოფს, რომელთაც მშვიდობიან პროტესტთან საერთო არაფერი აქვთ! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის კანონებისა და ბერკეტების გამკაცრებით, რათა ვემსახუროთ სამშობლოს და არა ვიღაცისგან მიღებული დავალებების შესრულებას!
ყველასთვის ცნობილია, თუ რა მოვლენები ვითარდება ჩვენს ქუჩებში და რას აორგანიზებენ, ვინ აორგანიზებს. ერთი მხრივ, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში ფსევდოლიბერალური და ლიბერალური ფაშიზმით, რეალურად, თავისუფლების სახელით შეფარული მთელი რიგი ქმედებები ხორციელდება. ეს ე.წ. ბულინგშიც გამოიხატება. აღარ დარჩა ზღვარი და ის მოცემულობა, რომ არ დაერღვიათ მორალური სტანდარტი ადამიანებს. ყველაფერზე არიან წამსვლელები, არაფერს დაგიდევენ. ადამიანების შეურაცხყოფაზე ხომ უკან არ იხევენ, ეს ყველაფერი განსაკუთრებით მიმართულია ჩვენი სამართალდამცავების, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის, საჯარო მოხელეებიც მიმართ. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ ჰყვებიან ამ თითიდან გამოწოვილ, ცრუ კამპანიას. ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, მხოლოდ და მხოლოდ კანონის შესაბამისად მოქმედებენ და არ ჰყვებიან ამ, ყველაფერს, არიან "ბულინგის" მსხვერპლები. მათ მიმართ პირდაპირი შეურაცხყოფა და ყოველგვარ ზღვარსგადასული მოწოდებები მიმდინარეობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს საკანონმდებლო პაკეტთან გათვალისწინებული საკითხებთან დაკავშირებით.
[...] კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება შეკრება-მანიფესტაციების ჩატარება დახურულ სივრცეში, შენობაში. მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე". - თქვა ქართული ოცნების წევრმა, არჩილ გორდულაძემ პლენარულ სხდომაზე.
ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში:
1. ადმინისტრაციული პატიმრობა დადგინდება და გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, 60 დღემდე ვადით. პირს ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს სასამართლო.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვლება:
ა) მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად;
ბ) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი ან ამ კოდექსის შესაბამისად გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა;
გ) სამართალდარღვევის ჩადენა ნასამართლევი პირის მიერ;
დ) არასრულწლოვნის ჩაბმა სამართალდარღვევაში;
ე) სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ ან თანდასწრებით;
ვ) სამართალდარღვევის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ;
ზ) დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;
თ) სამართალდარღვევის ჩადენა სტიქიური უბედურების პირობებში სხვა საგანგებო გარემოებათა დროს;
ი) სამართალდარღვევის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა;
კ) სამართალდარღვევის ჩადენა დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
კანონში ცვლილებებით, წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმის ზღვარი 1000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 15-დან 20 დღემდე ვადით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის ჯარიმა იზრდება 3000-დან 5000 ლარამდე (განსაზღვრული იყო 1000-2000 ლარი), ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა - 60 დღემდე ვადით (განსაზღვრული იყო 15 დღე).
პირის მიერ ვანდალიზმისთვის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით (განსაზღვრული იყო 5 დღე);
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება ითვალისწინებს ჯარიმას 2 000-დან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ჩამოთვლილი პირების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით;
კოდექსს დაემატა ახალი სამართალდარღვევა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში:
რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;
პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ასევე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით ისჯება - ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად ან/და არაერთგზის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი ა)ჯგუფურად; ბ)არაერთგზის; გ)არასრულწლოვნის თანდასწრებით; დ)აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
იგივე ქმედება ჩადენილი ა)ჯგუფურად; ბ)არაერთგზის; გ)არასრულწლოვნის თანდასწრებით; დ)აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
ხოლო, პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, ანდა მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
კანონს ასევე ემატება საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე, პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ან/და საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა ან მის მიმართ სხვა ამგვარი ქმედების ჩადენის მუხლიც.
ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში:
კანონს ემატება სპონტანური შეკრების და მანიფესტაციის დროს გაფრთხილების ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის სავალდებულოა პასუხისმგებელი პირის მიერ სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილების შეტანა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით.
გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს: ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი, დაწყებისა და დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; ბ) პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო.
ცვლილებებით, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
ასევე, აკრძალული იქნება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას ხიდების, გვირაბების, ესტაკადების ბლოკირება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული იმ სატრანსპორტო კვანძების ბლოკირება, რომლის შეფერხებაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საწარმოების, ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას ან/და მნიშვნელოვნად შეაფერხებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას;
ახალი რედაქციით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ხალხის გადაადგილებისათვის;
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ასევე ეკრძალებათ მოაწყონ "დროებითი კონსტრუქცია", თუ ეს საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;