სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - ინფორმაციას IPN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა მის მეუღლე მარიამ იაშვილს 4 წლით.
უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს სასამართლომ პატიმრობა 12 მაისს შეუფარდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან ერთად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვასაც ედავებიან.
როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ 9 მაისს დაკავებული სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე და მისი ცოლი, მარიამ იაშვილი ამ უკანასკნელთან ათობით პირის ინტიმურ კავშირს უკანონოდ იწერდნენ და ინახავდნენ. შსს-ს მტკიცებით, საქმეს ჰყავს მრავალი მსხვერპლი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.
პროკურატურამ მათ ბრალი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე წარუდგინა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019-დან 2024 წლამდე პერიოდში ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაიწერა. მათივე ცნობით, გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.





