ცოტა ხნის წინ დაკავებული აქტივისტის, ისაკო დევიძის დედის თქმით, რეჟიმის პოლიციამ ჩხრეკის შემდეგ სახლიდან ლეპტოპები წაიღო.
ისაკოს დედა ასევე ადასტურებს ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ პოლიციამ სახლიდან წაიღო თანხა, რომელიც დედას ოპერაციისთვის ჰქონდა სესხად აღებული. მისი თქმით, რეჟიმის სამართალდამცავებმა სახლიდან 2000 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.
"მე გასული ვიყავი სახლიდან და რომ მოვედი, უკვე სადარბაზოში პოლიცია იყო. ავედი სართულზე მაგრამ არ გამაჩერეს იქ, მითხრეს, რომ გარეთ გავსულიყავი და იქ მომაწვდიდნენ ინფორმაციას. გარეთ თითქმის ნახევარ საათზე მეტი ველოდე და მანამდე რამდენი ხანი მიმდინარეობდა ჩხრეკა, ეს არ ვიცი.
რომ გამოიყვანეს [ისაკო], რომ ამოვედი სახლში, ამ არეულ სიტუაციაში შევამჩნიე, რომ ლეპტოპებია წაღებული, ჩემი სამუშაო, პირადი ლეპტოპი, გოგოს [ისაკოს დის] სამუშაო ლეპტოპი და ისაკოს ლეპტოპი.
2000 ლარი მქონდა კიდევ დადებული, ოპერაცია მჭირდება და იმისთვის ვგეგმავდი თებერვალში და ისიც აღარ დამხვდა ადგილზე. ისაკომ გააკეთა სესხი 1 კვირის წინ.
ისაკო [...] "შენობით" არავის მიმართავს. "თქვენობით", ზრდილობით, უცნობი ადამიანიც რომ მიდიოდეს ჩანთით, ჩამოარმევს ჩანთას და მიატანინებს. ძალიან ზრდილობიანია ყველასთან მიმართებაში და ჯგუფური ძალადობა ჩემთვის გაუგებარია ეს". - თქვა დევიძის დედამ მთავარ არხთან საუბრისას.
ცნობისთვის, აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის სახლშიც დღეს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მალევე, პარტია ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ნონიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეჟიმის პოლიციამ ჩხრეკის შემდეგ დევიძის სახლიდან წაიღო თანხა, რომელიც დევიძის დედამ ოპერაციისთვის რამდენიმე დღის წინ გამოიტანა სესხად.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შსს ჩხრეკებს სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებს, გაჩხრიკეს ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლების ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის სახლები.





