რუსული რეჟიმი

ნონიაშვილი: ისაკო დევიძის სახლიდან წაიღეს თანხა, რომელიც მისმა დედამ ოპერაციისთვის ისესხა

პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში აქტივისტ ისაკო დევიძის დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ რეჟიმის პოლიციამ ჩხრეკის შემდეგ დევიძის სახლიდან წაიღო თანხა, რომელიც დევიძის დედამ ოპერაციისთვის რამდენიმე დღის წინ გამოიტანა სესხად. 

ნონიაშვილის ცნობით, სახლიდან წაღებულია სხვა ნივთებიც, მათ შორის, დევიძის, დევიძის დისა და დედის პირადი ნივთები, ასევე, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები. 

ფოტოებში, რომლებსაც ნონიაშვილი აქვეყნებს, რეჟიმის სამართალდამცავების მიერ გაჩხრეკილი ოთახის მდგომარეობაა ასახული. 

"ისაკო დევიძე დააკავეს. სახლიდან წაიღეს მისი, მისი დის და დედის პირადი და სამსახურეობრივი ნივთები. წაიღეს თანხა, რომელიც ისაკოს დედამ სესხად გამოიტანა რამდენიმე დღის წინ, იმისთვის რომ ოპერაცია გაეკეთებინა. წაიღეს საქართველოს და ევროკავშირის დროშა. გადმოაყირავეს ყველაფერი და გასარეცხ ტანსაცმელშიც კი იქექეს". - წერს ნონიაშვილი Facebook-ზე. 

აქტივისტი ისაკო დევიძე, რომლის სახლშიც დღეს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

შსს ჩხრეკებს სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებს, გაჩხრიკეს ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებლების ილია ღლონტის და ნენსი ვოლანდის სახლები. 

კომენტარები