მზია ამაღლობელის საქმე

ადვოკატი ამაღლობელზე: გამხდარია, ნელა საუბრობს და მოძრაობს - კლინიკაში გადაყვანას არ ითხოვს

ნეტგაზეთი

რეჟიმის მიერ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი საპატიმროში მისმა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მოინახულა.

დღეს, 31 იანვარს, მე-20 დღეა, რაც ამაღლობელი საპატიმროში შიმშილობს. 

როგორც ადვოკატი ამბობს, მზია ამაღლობელი სუსტად გამოიყურება, მაგრამ კლინიკაში გადაყვანას ან სხვა ჩარევას არ ითხოვს. ამაღლობელის პოზიციაა, რომ "კიდევ გაუძლებს". 

"ამბობს, რომ ჯერ ვუძლებ, არ შეწუხდეთ, კიდევ გავუძლებ და როცა ვერ გავუძლებ მაშინ გეტყვით. ვერ გავუძლებ იმ თვალსაზრისით, რომ სადმე გადაყვანას, რაიმე დახმარებას არ ითხოვს.

მე რასაც დავაკვირდი, ვიზუალურად უფრო გამხდარია ვიდრე ორი დღის წინ იყო, უფრო ნელა საუბრობს, ნელა მოძრაობს, შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა დაჯდა  რაღაც პერიოდი დასჭირდა რომ დამშვიდებულიყო, იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო და გაგვეგრძელებინა საუბარი". - თქვა ადვოკატმა. 

მისივე თქმით, მზია ამაღლობელი მიიჩნევს, რომ მთავარი თემა ახლა არა მისი, არამედ სხვა მოქალაქეების უკანონო პატიმრობაა.

"ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით, ყოველ  ჯერზე გვეუბნება, რომ მე არ ვარ მთავარი თემა, არაერთი უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, რომ მე ვიყო მთავარი ამბავი ქვეყანაში" - თქვა მწარიაშვილმა. 

როგორც ადვოკატი განმარტავს, მზია ამაღლობელს ორი კვლევა ჩაუტარდა - სისხლის და შარდის ანალიზები. ასევე, მზია ამაღლობელმა მას უთხრა, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილია სხვა კვლევების ჩატარებაც.

მწარიაშვილის თქმით, ციხიდან გამოთხოვილ სამედიცინო დოკუმენტაციებს სპეციალისტებს გადასცემენ. 


მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.

მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. 

"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომენტარები