კრიმინალი

გორში სოციალური სივრცე - სფეისი გაქურდეს

სოციალური კაფე სფეისი

გორში სოციალური კაფე სფეისი გაქურდეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. მათი ცნობით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.  

გუშინ სფეისის Facebook-გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ ახალგაზრდულ სივრცეს შენობის "გამოთავისუფლება" 31 იანვრამდე მოთხოვა.

"ჩვენთვის, როგორც ქალაქის ერთადერთი თავისუფალი ახალგაზრდული სოციალური სივრცისთვის, განსაკუთრებით რთულია ამ პოსტის დაწერა და ჩვენი ახალგაზრდებისთვის იმის თქმა, რომ სივრცე აღარ გვაქვს.

24 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ გამოგვიგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, 31 იანვრამდე აუცილებლად უნდა გამოვათავისუფლოთ ჩვენ მიერ შექმნილი სივრცე, რადგან ისინი აპირებენ ამ სივრცის დატვირთვას თეატრალური და საგანმანათლებლო პროექტებით.

2022 წელს, როდესაც შენობა იჯარის ხელშეკრულებით ავიღეთ, არაფერი არ იყო გარდა ნაცრისფერი კედლებისა, ყველასგან მივიწყებული შენობისა და კიდევ ისეთი რაღაცებისა, რაზეც საჯაროდ საუბარს საკუთარ თავს არ ვაკადრებთ. ნაცრისფერი კედლებისა და მივიწყებული შენობისგან, შევქმენით ყველაზე ფერადი, თავისუფალი, ჩარჩოებს მიღმა მოქმედი ახალგაზრდული სივრცე, სადაც დღის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო სრულიად უსასყიდლოდ ეთამაშა სამაგიდო თამაშები, წაეკითხა წიგნები, ესაუბრა მეგობრებთან … ერთ დროს ცარიელი კედლები, ახალგაზრდების სახლად ვაქციეთ." - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები