უკრაინა-სლოვაკეთი

ბრატისლავაში უკრაინის მოქალაქის დაკავების შემდეგ, კიევმა სლოვაკეთის ელჩი დაიბარა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთის ელჩი პაველ ვიზდალი დაიბარა.

30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთში უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა" ედება ბრალად.

გარდა ამისა, სლოვაკეთის პრეზიდენტმა, რობერტ ფიცომ, განაცხადა, რომ კიევი სლოვაკეთის შიდა საქმეებში ერევა, ხოლო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე, მომიტინგეების მესამედი უკრაინელია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩს "მტკიცე უარი" უთხრა სლოვაკეთის საშინაო საქმეებში ჩარევის საკითხზე.

ერთი დღით ადრე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა უკრაინის ელჩი.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოიძახა უკრაინის ელჩი და მას მკაცრი პროტესტი გამოუთქვა უკრაინის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. უწყების თქმით, უკრაინა ერევა სლოვაკეთის შიდა საქმეებში". – წერს ერთ-ერთი სლოვაკური მედია.


1 იანვარს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტი პირველი იანვრის დილით სრულად შეწყვიტა, "როგორც ეს დაგეგმილი იყო".

უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი 2019 წლის ბოლოს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ხდებოდა, რომელსაც 2025 წლის პირველ იანვარს ვადა ამოიწურა და უკრაინამ მის გაგრძელებაზე უარი თქვა.

2 იანვარს რობერტ ფიცომ საკუთარი პარტიის სახელით განაცხადა, რომ სლოვაკეთის კოალიცია განიხილავდა საპასუხო ზომებს უკრაინის მიმართ, მას შემდეგ რაც უკრაინამ ევროკავშირის მასშტაბით რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა.

24 იანვარს სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ლოზუნგის ქვეშ - "სლოვაკეთი ევროპაა". სლოვაკი მოქალაქეები აქციებზე პრორუსი პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 

მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს, როგორებიცაა "კმარა ფიცო" და "ჩვენ ევროპა ვართ" და ამით თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ პრემიერმინისტრის პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკისა და რიტორიკის მიმართ. 

ფიცომ ოპოზიციის ქმედებები უკრაინის ევრომაიდნის რევოლუციას შეადარა. როგორც იგი ამტკიცებს, ოპოზიცია ბრატისლავაში სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგს ამზადებდა. 

ფიცოს მტკიცებით, აშშ-ის დაფინანსებული ჯგუფები, რომლებიც საქართველოში და უკრაინაში დემონსტრაციებში იყვნენ ჩართულნი, უკვე სლოვაკეთშიც აქტიურობენ.

ფიცოს მთავრობას რუსული ინტერესების გატარების გამო დასავლურ ქვეყნებში ხშირად აკრიტიკებენ. 

კომენტარები