გამოცემა The Wall Street Journal-მა ჩინური AI სტარტაპის DeepSeek-ის ჩატბოტს ჩინეთისთვის სენსიტიურ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა, მათ შორის, ტაბუდადებული "სამი ტ-ს" [ტიანანმენი, ტაივანი, ტიბეტი] შესახებ. შედარებისთვის კი გამოცემამ იგივე კითხვები OpenAI-ის ჩატბოტს ChatGPT-საც დაუსვა.
პასუხების განხილვამდე გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთში ონლაინ ცენზურას სხვადასხვა ფორმა აქვს, მათ შორისაა, მონაცემების ელექტრონული გაფილტვრა და ზოგ შემთხვევაში კი სახელმწიფო სტრუქტურების ჩარევა. პეკინი, როგორც თავად უწოდებს, "ონლაინს სუვერენიტეტის" ძლიერი მხარდამჭერია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი ინტერნეტსივრცის საკუთარი წესებით რეგულირებაში.
ტიანანმენის მოედანი
ტიანანმენის ტრაგედიის შესახებ დისკუსია ჩინეთში ტაბუირებულია, ხელისუფლება ამ მოვლენაზე ნებისმიერ მინიშნებას ინტერნეტსივრციდან რუტინულად აქრობს.
1989 წლის 4 ივნისს ჩინელმა სამხედროებმა ტანკების გამოყენებით დაარბიეს დემოკრატიის მხარდამჭერი დემონსტრანტები, რომლებიც პეკინის ცენტრში, ტიანანმენის მოედანზე აქციებს 6 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდნენ.
დღემდე უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ტიანანმენის ტრაგედიას, თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ვარაუდობენ, რომ 1989 წლის 4 ივნისს ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასამდე ადამიანი მოკლა.
ChatGPT-ის პასუხი ტიანანმენის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს და ტრაგედიის ისტორიულ მნიშვნელობას სრულად აღწერდა. DeepSeek-ის კი ამბობს, რომ ტიანანმენის შესახებ არაფერი იცის:
"ბოდიში, ეს ჩემს ამჟამინდელ შესაძლებლობებს სცდება. მოდით, სხვა რამეზე ვისაუბროთ".
ტაივანი
გამოცემამ ChatGPT-ს და DeepSeek-ს ტაივანის სუვერენიტეტის შესახებ ჰკითხა. OpenAi-ს ჩატბოტმა აღნიშნა, რომ ტაივანის სუვერენიტეტი კომპლექსური საკითხია, შემდეგ კი ტაივანის სუვერენიტეტი როგორც საერთაშორისო, ასევე ჩინეთის პერსპექტივიდან აღწერა.
DeepSeek-ის პასუხი კი პეკინის ოფიციალური პოზიციის მსგავსია და ტაივანის საკითხს "ერთი ჩინეთის" პოლიტიკის პერსპექტივით აღწერს და მას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ნაწილად წარმოაჩენს.
ტიბეტი
პასუხები განსხვავდება ტიბეტისა და დალაი ლამას შესახებ დასმული კითხვების შემთხვევაშიც. OpenAi აღწერს 1959 წლის მოვლენებს და შემდგომში ტიბეტელი ხალხის სულიერი წინამძღოლის გავლილ გზას.
DeepSeek-მა კი პასუხის გაცემა დალაი ლამას წარმომავლობის, სულიერი როლისა და დევნილობის დეტალური აღწერით დაიწყო. შემდეგ კი თქვა, რომ ტიბეტი ჩინეთის ავტონომიური რეგიონია, თუმცა, "ჩინეთის მთავრობის მიერ ტიბეტში გატარებული პოლიტიკა კონტროვერსულია, კრიტიკოსები საუბრობენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კულტურულ რეპრესიებსა და რელიგიური თავისუფლების შეზღუდვაზე".
ამის შემდეგ DeepSeek-მა მთლიანი ტექსტი წაშალა და აღნიშნა, რომ კითხვა მის შესაძლებლობების ფარგლებს სცდება.





