ხელოვნური ინტელექტი

FT: ჩინური DeepSeek-ის ახალი AI მოდელის დროულად გამოშვება ჩინური ჩიპების გამოყენებამ შეაფერხა

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩინურმა კომპანიამ, DeepSeek-მა ახალი მოდელის გამოშვება გადადო მას შემდეგ, რაც ჩინური კომპანია Huawei-ს ჩიპებზე მან მოდელის ტრენინგი ვერ შეძლო. 

საკითხზე ინფორმირებული წყაროების თქმით, როდესაც DeepSeek-მა იანვარში ახალი R1 მოდელი გამოუშვა, ჩინეთის ხელისუფლებამ სტარტაპი წააქეზა, რომ ამერიკული Nvidia-ს სისტემები Huawei-ს პროცესორებით ჩაენაცვლებინა. თუმცა, წყაროების მიხედვით, კომპანია R2 მოდელის ტრენინგის განმავლობაში Huawei-ს Ascend-ის ტიპის ჩიპების გამოყენებისას მუდამ აწყდებოდა ტექნიკურ პრობლემებს.

შედეგად, წყაროების ინფორმაციით, R2 მოდელის ტრენინგისთვის ჩინური კომპანია Nvidia-ს ჩიპებზე შეჯერდა, ხოლო Huawei-ს მხოლოდ ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებისთვის იყენებდა. 

ერთ-ერთმა წყარომ Financial Times-ს განუცხადა, რომ აღნიშნული პრობლემები მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც მაისში მოდელის გამოშვება გადაიდო.

Financial Times-ის ცნობით, ბოლო პერიოდში ჩინეთმა ქვეყნის ტექნოლოგიურ კომპანიებს მოსთხოვა, რომ Nvidia-ს H20 ტიპის ჩიპებზე განთავსებული შეკვეთები "გაემართლებინათ," რათა მომხდარიყო Huawei-სა და Cambricon-ის მიერ დამზადებული ალტერნატიული ჩიპების გამოყენების წახალისება. 

ინდუსტრიის ინსაიდერების თქმით, ჩინურ ჩიპებს სტაბილურობის კუთხით პრობლემები, უფრო ნელი ჩიპთაშორისი ურთიერთდაკავშირება და დაბალი ხარისხის პროგრამული უზრუნველყოფა ახასიათებთ.

FT-ს წყაროების მიხედვით, Huawei-მ DeepSeek-ის ოფისში ინჟინერთა ჯგუფიც გაგზავნა, რათა R2 მოდელის განვითარებისთვის კომპანიას მათი ჩიპის გამოყენებაში დახმარებოდნენ. თუმცა, DeepSeek-მა ამის მიუხედავადაც ვერ შეძლო Ascend ჩიპზე ახალი მოდელის ტრენინგი. 

კომპანიის დამფუძნებელს, ლიანგ ვენფენგს ნათქვამი აქვს, რომ R2 მოდელის პროგრესით უკმაყოფილოა. კიდევ ერთი წყაროს თქმით, R2-ს გამოშვების გადადების მიზეზი ასევე გაუმჯობესებული მოდელისთვის მოსალოდნელზე ხანგრძლივი მარკირების პროცესი გახდა. ამ ფონზე ჩინურ მედიაში წერენ, რომ DeepSeek-ის ახალი მოდელი, შესაძლოა, მომდევნო კვირებში გამოუშვან. 

ცნობისთვის 11 აგვისტოს FT წერდა, რომ ამერიკული კომპანიები - Nvidia და AMD - აშშ-ს მთავრობისთვის ჩინეთში გაყიდული ჩიპების შემოსავლების 15%-ის გადახდაზე დათანხმდნენ. გამოცემის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ნახევარგამტარების ექსპორტისთვის ლიცენზიების მოპოვების მიზნით ტრამპის ადმინისტრაციასთან დადებული უჩვეულო შეთანხმების ნაწილია.

აპრილში ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჩინეთში H20 ჩიპების ექსპორტს აკრძალავდა, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა კურსი თეთრ სახლში ჰუანგთან შეხვედრის შემდეგ შეცვალა. 

წყაროების ინფორმაციით, 6 აგვისტოს ტრამპთან შეხვედრისას ჰუანგმა H20 ჩიპების ჩინეთში ექსპორტის საკითხი წამოაყენა, ხოლო ორი დღის შემდეგ აშშ-ს ინდუსტრიისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ლიცენზიების გაცემა დაიწყო. 

კომენტარები