ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

მოქალაქეების ნაწილს საზმაუს ბორდის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მისცეს

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში, სადაც სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება, მოქალაქეების ნაწილს შენობაში არ უშვებენ. როგორც ერთ-ერთი ადგილზე მყოფი მოქალაქე მარიამ სამუშია ტაბულას უყვება, ბორდის სხდომაზე დასწრების მსურველებმა წინასწარ გააგზავნეს ადამიანების სია, თუმცა დღეს მათ შენობაში შეშვებაზე უარი უთხრეს. 

"ბორდის შეხვედრა იყო ჩანიშნული, ეს არის საჯარო ინფორმაცია. საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონმდებლობით ვალდებულია, თუ სამოქალაქო საზოგადოების ინტერესი არსებობს, უნდა უზრუნველყოს მათი დასწრება ბორდის შეხვედრაზე. წინასწარ გადავგზავნეთ იმ ადამიანების სია, ვისაც გვქონდა ინტერესი, დავსწრებოდით. ამ სიაში 16 ადამიანი იყო. აქ მოვედით და არ შეგვიშვეს. მოლაპარაკებების საფუძველზე, მორიგდნენ იმაზე, რომ შეიძლება შეუშვან მხოლოდ 3 ადამიანი. ოთახი პატარაა და მეტი ვერ დაეტევაო, როცა პირდაპირი პასუხისმგებლობა აქვთ, უზრუნველყონ ეს შესაძლებლობა, რომ ხალხის ხმა მოისმინონ" - ეუბნება მარიამ სამუშია ტაბულას. 

ამასთან, ბორდის სხდომაზე შესვლას ითხოვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც და ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილიც, თუმცა უფლებას არ აძლევდნენ და მიზეზად სიაში არყოფნას ასახელებდნენ. შელაპარაკების შემდეგ, სამი ჟურნალისტი - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, ნინო ზაუტაშვილი, გიგა კიტია და პროტესტის მხარდამჭერი სამი მოქალაქე სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შენობაში შეუშვეს. 

კომენტარები