24 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი 13 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
ანატოლი გიგაურის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, გიგაური თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მისი ქმედება იყო აუცილებელი მოგერიება - მის მიერ პოლიციელისთვის ხელის მოქნევის ფაქტს წინ უსწრებდა აღნიშნული პოლიციელის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც ადვოკატის თქმით, ვიდეომტკიცებულებითაც დასტურდება.
"ანატოლი გიგაურის სისხლის სამართლის საქმე არის კლასიკური საქმე იმისა, თუ როგორ შეიძლება მოძალადე პოლიციელი იქცეს სისხლის სამართლის საქმეში თითქოსდა დაზარალებულად. წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებით დასტურდება, რომ პოლიციელი შეკრულ მუშტს ურტყამს ანატოლი გიგაურს და მეორე დარტყმის მცდელობის დროს გიგაური იგერიებს მას ხელის მოქნევით, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი კატეგორიის შეიძლება იყოს აუცილებელი მოგერიება, რისი უფლებაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერ ადამიანს აქვს.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დავიწყეთ საქმის არსებითი განხილვის ეტაპი. მოსამართლემ უფლებები განუმარტა ანატოლი გიგაურს, ბუნებრივია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა არ აღიარა წარდგენილი ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ პოლიციელის მიმართ მოქნეულ ხელის ფაქტს არ უარვყოფთ, ეს არ ნიშნავს რომ ანატოლი გიგაურმა ჩაიდინა დანაშაული, გამომდინარე იქიდან, რომ ანატოლი გიგაურის მოქმედებას წინ უსწრებდა პოლიციელის მიერ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება". - თქვა ცუცქირიძემ.
საპროტესტო აქციები
ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი 13 თებერვალს ჩატარდება

მინდია გაბაძე




