საპროტესტო აქციები

აკრძალვების მიუხედავად, 27 დეკემბერს 19:00 საათზე მსვლელობა გაიმართება – NGO-ების ნაწილი

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, 27 დეკემბერს, 19:00 საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანმა ბრიფინგზე განაცხადა. 

"როგორც იცით, უკვე ბოლო 1 თვეა შაბათობით იმართება მანიფესტაცია ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით, რომლის ძირითადი მიზანიც არის სწორედ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ქიმიური მოწამვლის საქმეზე. 27 დეკემბერს, შაბათს, 19:00 საათზეც გაიმართება ანალოგიური ტიპის მანიფესტაცია ფილარმონიიდან და ყველას გელით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა პროტესტის ამ ფორმით ისევ გაგრძელდეს". - თქვა ქელბაქიანმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 დეკემბრიდან 9 იანვრამდე აქციის დროს მსვლელობის გამართვა შეზღუდა.

20 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შესასრულებლად სავალდებულო" მითითება გაავრცელა: 

2026 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ ქ. თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები