მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყონებლივ გათვისუფლებას მოითხოვს.
"გამოვდივარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული.
დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმის ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ მინისტერიალის ჟურნალუსტების უსაფრთხოების შესახებ 3/18 გადაწყვეტილების მიხედვით" - დაწერა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელმა X-ზე
დღეს, 30 იანვარს, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-19 დღეა.
მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს.
მეორედ დაკავების შემდეგ, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებას და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ბათუმელების ცნობით, მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
"დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად და სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ." - განაცხადეს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.





