ავსტრალია

ავსტრალიაში რელიგიური სექტის წევრები ბავშვის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს

ავსტრალიაში, ერთ-ერთი მცირერიცხოვანი რელიგიური სექტის წევრები 8 წლის ბავშვის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი გოგოს გარდაცვალების დიაბეტის სამკურნალოდ ინსულინის გამოყენების შეჩერებამ გამოიწვია. ინსულინზე უარის თქმის მიზეზი კი სექტის წევრების "ურყევი რწმენა" გახდა, რომ ბავშვს ღმერთი განკურნავდა.

როგორც CNN წერს, როდესაც ბავშვი უკვე სიკვდილის პირას იყო მისული, სექტის წევრებმა ლოცვებისა და საგალობლების წარმოთქმა დაიწყეს, პარალელურად კი მის საწოლთან რიგრიგობით მორიგეობდნენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინაც კი, როდესაც ბავშვს სუნთქვა შეწყვიტა, სექტის წევრები "ღვთიური ძალების ჩარევისა" და ბავშვის "გაცოცხლებისთვის" ლოცულობდნენ.

გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დამნაშავედ მიჩნეულთა შორის არიან ბავშვის მშობლებიც, რომლებიც ზემოხსენებული სექტის წევრები იყვნენ.

ავსტრალიის ქალაქ ბრისბეინის უზენაესი სასამართლო საქმეს 9 კვირის განმავლობაში განიხილავდა. პროცესის ფარგლებში სასამართლომ 60-ზე მეტი მოწმე დაკითხა და ასობით მტკიცებულება შეისწავლა.

სასამართლოს ვერდიქტით, სიკვდილი "გარდაუვალი" გახდა მას შემდეგ, რაც ჯგუფმა უარი თქვა ბავშვისთვის ინსულინის ან სხვა სახის სამედიცინო დახმარების მიწოდებაზე, როდესაც ბავშვი ექვსი დღის განმავლობაში, საკუთარ სახლში სიკვდილს ებრძოდა.

აღსანიშნავია, რომ სექტის თოთხმეტივე წევრი თავს დამნაშავედ ამ დრომდე არ მიიჩნევს.

კომენტარები