ავსტრალია

საარი სიდნეიში მომხდარ ტერაქტზე: ეს არის ავსტრალიის ქუჩებში ანტისემიტური თარეშის შედეგი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, გიდეონ საარი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ებრაული დღესასწაულის, ხანუქის ღონისძიებაზე მომხდარ ტერაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს "გასული ორი წლის განმავლობაში ავსტრალიის ქუჩებში ანტისემიტური თარეშის შედეგს" წარმოადგენს.

"შეძრწუნებული ვარ ავსტრალიაში, სიდნიში ხანუქის ღონისძიებაზე სისხლისმღვრელი შეიარაღებული თავდასხმით. 

ეს არის გასული ორი წლის განმავლობაში ავსტრალიის ქუჩებში ანტისემიტური თარეშის შედეგი, ხოლო ანტისემიტური და ძალადობის წამქეზებელი მოწოდებები "ინტიფადას გლობალიზაციისკენ" დღეს აღსრულდა. 

ავსტრალიის მთავრობა, რომელმაც უთვალავი გამაფრთხილებელი ნიშანი მიიღო, უნდა გამოფხიზლდეს!" - წერს საარი.

თავდასხმას ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგიც გამოეხმაურა. მან მიუსამძიმრა "სიდნიში ებრაელ დებსა და ძმებს, რომლებსაც საზიზღარი ტერორისტები თავს დაესხნენ, როდესაც მათ ხანუქას პირველი სანთელი უნდა აენთოთ". 

ჰერცოგმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმა ავსტრალიის მთავრობას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მოქმედებისკენ არაერთხელ მოუწოდა.

"ავსტრალიის მთავრობას არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ იმოქმედონ და ებრძოლონ ანტისემიტიზმის უზარმაზარ ტალღას, რომლითაც ავსტრალიის საზოგადოება არის დაავადებული". - წერს ჰერცოგი.

ცნობისთვის, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 29 ადამიანი კი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. თავდასხმის დროს ასევე მოკლულია ერთ-ერთი ტერორისტიც, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერის, ქრის მინსის თქმით, გამოძიება დაიწყო და "მასობრივი" და "კომპლექსური" იქნება. 

შტატის პოლიციის უფროსმა, მელ ლანიონმა თქვა, რომ თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში, სულ მცირე, 29 ადამიანი არის გადაყვანილი, მათ შორის, 2 პოლიციელი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. 

ადგილობრივმა პოლიციამ ორი თავდამსხმელი დააკავა და მესამე თავდამსხმელის შესაძლო მონაწილეობას იკვლევს. სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა ტერაქტი იყო. მათივე ცნობით, ტერაქტის დროს ებრაულ ღონისძიებას 1 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

კომენტარები