იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ სასამართლო გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია მელონიმ ვიდეომიმართვაში თავადვე დაადასტურა.
გამოძიების დაწყება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი ლიბიელი პოლიციის ოფიცრის გათავისუფლებას ეხება.
უსამა ელმასრი ნაიემი იტალიის ქალაქ ტურინში კვირას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაკავების ორდერის საფუძველზე დააპატიმრეს, რამდენიმე დღეში კი გაათავისუფლეს. Politico-ს ცნობით, ნაიემი ქალაქ ტურინში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის, იუვენტუსის მატჩზე დასასწრებად იყო ჩასული.
მოგვიანებით, ICC-მ ოფიცრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვა, რადგან, მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ოფიცერს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში, მათ შორის, მკვლელობაში, წამებასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კი მელონი აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებას რომის მთავარი პროკურორი, ფრანჩესკო ლე ვოი აწარმოებს და მას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ დანაშაულის ხელშეწყობასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში. მელონის განმარტებით ICC-ის გაცემული დაკავების ორდერი იტალიის სასამართლოს არ უღიარებია და ის მემარცხენე შეთქმულების სამიზნე გახდა.
ამასთან, მელონის თქმით, მას არ აქვს გადადგომის ვალდებულება, რადგან იტალიაში გამოძიების დაწყება არც დანაშაულის დადასტურებას ნიშნავს და არც იმას, რომ გამოძიებას ბრალდებების ფორმალური წარდგენა მოყვება.
"ვერ დამაშატაჟებენ, არ დავუშვებ, რომ დამაშინონ. სწორედ ამიტომ არ მოვწონვარ მათ, ვისაც არ სურს, რომ იტალია შეიცვალოს და გახდეს უკეთესი. სწორედ ამის გამო ვაპირებ, განვაგრძო ჩემი გზა და დავიცვა იტალიელები განსაკუთრებით მაშინ, როცა საფრთხის ქვეშ ეროვნული უსაფრთხოებაა". - თქვა მელონიმ.
ამავდროულად, იტალიის პრემიერის თქმით, გამოძიება ასევე დაიწყო იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და დაზვერვის საკითხებში კაბინეტის მდივნის მიმართაც.





