მთავარი არხი

მთავარი არხი რომც დაიხუროს ამ ფორმით, გაიხსნება ახალი, მე წილი არ მექნება - გვარამია

ფოტო: ინტერპრესნიუსი

პარტია ახალის ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, "მთავარ არხს ხურავს ზაზა ოქუაშვილი მისი წარმომადგენლის მეშვეობით". მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ "ეს არის ბიძინა ივანიშვილთან გარიგებული სქემა".

"ყველაფერი აჩვენებს - როცა ფული არსებობს და შეგიძლია, გადაიხადო შუქის ფული, რომელსაც გითიშავენ, ინტერნეტის ფული, რომელსაც გითიშავენ, ხელფასები, რომელიც უნდა აიღოს კოლექტივმა და არ გახდევინებს ზაზა ოქუაშვილის დანიშნული ვიღაც... პირდაპირ გეტყვით - ჩემი თანამშრომლები ამის გამო ციხეში არ წავლენ და ყოფილი თანამშრომლები.

ასევე, პირდაპირ გეტყვით, რომ მთავარი არხი რომც დაიხუროს ამ ფორმით, გაიხსნება ახალი, მე რაც შემიძლია იმას გავიკეთებ, იმიტომ, რომ ეს ჩემი შვილია, რამდენი პარტიაც არ უნდა გაიხსნას, რამდენი ახალი ტელევიზიაც, ეს არის ჩემი შვილი და ისიც მეყოფა ცხოვრებაში, ის ტრავმაც, რომელიც რუსთავი ორის წართმევით მივიღე, ამას მე არავის გავაკეთებინებ.

ზაზა ოქუაშვილმა თვითონ გააკეთა არჩევანი - შეეძლო, ყოფილიყო მთავარი არხი და მისი დამფუძნებელი, ახლა იქნება არხი და თვითონ იქ არ იქნება" - ამბობს ახალის თავმჯდომარე.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ანუ მიდასტურებთ, რომ ახალი არხი იქნება? - ნიკა გვარამია პასუხობს, რომ "აუცილებლად იქნება და ნიკა გვარამია დირექტორი არ იქნება, თავისთავად ცხადია".

"პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ის წილი, რომელიც მთავარ არხში მქონდა, ახლაც არ მომცემს ოქუაშვილი თანხმობას, რადგან მისი თანხმობაა საჭირო, ეს წილი ჰქონდეს კოლექტივს, მე გავაკეთე ჩემი არჩევანი - წავედი პოლიტიკაში, მე მედიაში მიბრუნებას არ ვაპირებ, ამის აფიშირებას გავაკეთებ იმით, რომ წილიც არ მექნება ახალ არხში.

მე დავეხმარები ყოველთვის და ყველგან, ვინც ჩემთან ერთად მუშაობდა, მე არ ვტოვებ ჩემს გუნდს, არც ძველს, არც ახალს და არც ჩემს მეგობრებს" - თქვა გვარამიამ.

კომენტარები