ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გაეროს ექსპერტები: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამოიძიოს ცემისა და წამების ფაქტები

კადრი ვიდეოდან/ტელეკომპანია პირველი

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა საქართველოს ხელისუფლებას მომავალში ძალადობის თავიდან აცილების მიზნით ქმედით ნაბიჯების გადადგმისკენ და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, წამების, უკანონო დაკავების ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდეს.

"მივიღეთ ბრალდებები საქართველოს სამართალდამცავების, ასევე ამომცნობი ნიშნების არ მქონე პირების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებდნენ ფიზიკურ ძალადობას, მუქარას, დაშინებას და რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებათა დამცველების და ჟურნალისტების წინააღმდეგ". – განაცხადეს ექსპერტებმა.

ექსპერტები ხაზგასმით ამბობენ, რომ ბრალდებების ნაწილში ნახსენებია წამების და სხვა არაადამიანური, ღირსების შემლახველი დასჯის მეთოდების შესახებ. 

"ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეს ინციდენტები არ არის ერთეული შემთხვევები და მიუთითებს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე". – წერია ექსპერტების განცხადებაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებდა რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. ასობით ადამიანმა მიიღო სერიოზული დაზიანებები, მათი უმეტესობა მიყენებულია სახისა და თავის არეში.

გარდა ამისა, მრავალ დაკავებულ მომიტინგეს შეეზღუდათ ადვოკატებთან დაკავშირება, ხოლო მათ ოჯახის წევრებს არ უმხელდნენ დაკავებულების ადგილმდებარეობას.

"ჩვენ გვაქვს შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაერთ დაკავებულს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და ცემით, ასევე არ უწევდნენ სამედიცინო დახმარებას". – ამბობენ ექსპერტები.

ექსპერტებმა ასევე ახსნეს საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც გამოძება დაიწყო, თუმცა "როგოც ჩანს, დღეისობით, არ გამოიღო შედეგი, ამის პარალელურად მრავალი მომიტინგე პატიმრობაში რჩება". გარდა ამისა, ექსპერტები იმედს იტოვებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება "დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე, ეფექტურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გამოძიებას ჩაატარებს".

განცხადების ავტორების თქმით, ნებისმიერი ძალის გამოყენება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს კანონიერების პრინციპებთან, ასევე მკაცრად რეგულირდებოდეს საერთაშორისო სტანდარტებით. მათ ხაზგასმით თქვეს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა უნდა იყოს პრიორიტეტული.

"მოვუწოდებთ მთავრობას კონკრეტული ნაბიჯები გადადგას წამების და სხვა არაადამიანური, თუ ღირსების შემლახველი ქმედებების შესაჩერებლად". – მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გაეროს ექსპერტები.

ზემოთაღნიშნულ საკითხებზე გაეროს ექსპერტებმა საქართველოს მთავრობას წერილით მიმართეს.

კომენტარები