თბილისის მერია საქალაქო სამსახურებში რეორგანიზაციის დაწყებას აპირებს. თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, საბა ბუაძის ცნობით, საკითხის კენჭისყრა ხვალ, 29 იანვარს არის დაგეგმილი.
ბუაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქონების მართვის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოებსა და არქიტექტურის სამსახურში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ განკარგულებები 2024 წლის 31 დეკემბერს გამოსცა.
თბილისის საკრებულოს ცნობით, დღევანდელ სხდომაზე განიხილეს "თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი, ასევე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ განკარგულების პროექტი, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი".
ქართული ოცნების მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, თუ სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე დავას მოიგებს, მას სამსახურში არ აღადგენენ - მოხელეს მიეცემა მხოლოდ განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
თბილის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, ეს "უმნიშვნელო მუხლი" არაა:
"3 თვის კომპენსაცია, თქვენ ფიქრობთ, რომ უმნიშვნელო მუხლია? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.
ხშირ შემთხვევაში, არ გამორიცხოთ, რომ საჯარო მოხელის მხრიდან ეს იყოს გარკვეული პოლიტიკური მანიპულაციის შესაძლებლობა. ბოლო წლების განმავლობაში გაიმართა არაერთი აქცია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო მხარდამჭერი. ერთი ადამიანი მომიყვანეთ, რომელსაც ძალდატანებით ან ერთის მხარდაჭერა მოეთხოვა, ან მეორის.
რაც ჩვენი მთავარი მიღწევაა და რითიც მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ა.შ. ზუსტად ამით მივიღეთ, რომ ჩვენ განვახორციელეთ იმგვარი რეფორმები და იმგვარ სამართლებრივ გზას ვადგავართ, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის, ადამიანის უფლებების დაცვას მაქსიმალური სტანდარტით". - თქვა ტყემალაძემ.
ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შემდეგ, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა, ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა, 13 დეკემბერს, დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში.
თბილისის მერიის თანამშრომლების მიერ პროევროპული განცხადების გაკეთების შემდეგ, კალაძემ უწყებაში რეორგანიზაცია დაანონსა.
- კალაძე: რეორგანიზაცია არანაირ კავშირში არაა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან
- საპროტესტო აქციების მონაწილე მერიის თანამშრომელი კალაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა
- თბილისის მერია განცხადებაზე ხელმომწერმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა დატოვა
- კალაძემ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორს გადადგომა მოსთხოვა
- ვემიჯნებით EU-ს წევრობის პროცესის შეჩერებას – თბილისის მერიის თანამშრომლების განცხადება