თბილისის მერიის შტატგარეშე თანამშრომელი გიგა სოფრომაძე, რომელიც ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. სოფრომაძე აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"სამსახურიდან გამათავისუფლეს.
8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო... არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს...
რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?!
თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების "ღირსებაზე" იყოს".- წერს სოფრომაძე სოციალურ ქსელში.
სოფრომიძე ასევე აქვეყნებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტებსაც, სადაც სოფრომაძის გათავისუფლების მიზეზად დასახელებულია შემდეგი - "გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურის მიერ განხორციელებულ ყველა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამას უკვე ჰყავს თავისი კოორდინატორები, ზემოაღნიშნული შტატგარეშე პოზიციის არსებობა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს".





