თბილისის მერია

კალაძე: რეორგანიზაცია არანაირ კავშირში არაა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან

კახა კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიაში დაწყებული რეორგანიზაცია არავითარ კავშირში არაა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. აღსანიშნავია, რომ პირველ დეკემბერს კალაძემ თბილისის მერის თანამშრომლების ნაწილის განცხადებაზე, რომელშიც ისინი EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასა და ამ გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზებს ემიჯნებოდნენ, თქვა, რომ "წინა კვირას მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია, ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა".

"რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ძალიან ბევრი არასწორი შეფასება, თუ ადამიანი აიღებს და ნახავს, როდის გამოცხადდა რეორგანიზაცია, დარწმუნდება, რომ არანაირ კავშირში არ არის გამოცხადებული რეორგანიზაცია იმ პროცესებთან, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდება დედაქალაქში, გაცილებით ადრე გამოცხადდა რეორგანიზაცია, ბოლოს 2017 წელს განვახორციელეთ რეორგანიზაცია, სამსახურების ოპტიმიზაცია, შესაბამისად, დავიწყეთ აღნიშნულის განხორციელება, რადგან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ მდგომარეობა, გავაძლიეროთ და გავამარტივოთ სამსახურების მუშაობა, რაც, რა თქმა უნდა, უნდა აისახებოდეს დედაქალაქზე, და დედაქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე.

ბევრი შეფასება მოვისმინეთ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საერთოდ არანაირ კავშირში არის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან რეორგანიზაცია და ასევე, ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს. - გუშინ მაგალითად, მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები პრემიებთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ვიყენებთ პრემიების გაცემა-არგაცემის საკითხს თანამშრომლების დასაშანტაჟებლად, რაც არის ტყუილი, სიცრუე, არ შეესაბამება სიმართლეს.

2017 წლიდან ვარ თბილისის მერი, ვერ მოიყვანთ ვერცერთ შემთხვევას, რომ ჩვენ ვიღაცა დაგვესაჯა პოლიტიკური შეხედულების გამო ან ვიღაცის მიმართ გვქონოდა არასამართლიანი დამოკიდებულება თავის შეხედულების გამო სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. ბუნებაში არ არსებობს არცერთი მაგალითი, რომ  ჩვენ ადამიანები დაგვეყო პოლიტიკური ნიშნით ან რაღაც შეხედულებების გამო" - ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, "პრემიას განსაზღვრავს კანონმდებლობა, ხდება კონკრეტული თანამშრომლის შეფასება - როგორ მუშაობს ის და მისივე სამსახურის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას".

"არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჩვენ ვინმე დაგვეჩაგრა და ვინმეს მიმართ გვქონოდა უსამართლო დამოკიდებულება.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, გავრცელდა პეტიცია, რომელსაც ორასზე ცოტა მეტი თანამშრომელი აწერს ხელს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება თუ როგორ ხდებოდა თანამშრომლების სამსახურებში დაშანტაჟება, ბულინგი, რაც კატეგორიულად მიუღებელია და არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ადამიანების დაბულინგება იმისთვის, რომ ვიღაცამ რაღაცას მოაწეროს ან არ მოაწეროს ხელი, ეს ქმნის ძალიან არაჯანსაღ სიტუაციას სამსახურებში, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

შესაბამისად, პრემიებთან დაკავშირებით ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც გვეუბნება კანონი, და არავითარ შემთხვევაში, არასდროს გაგვიკეთებია და არც ახლა გავაკეთებთ, რომ ადამიანები დავსაჯოთ რაღაც შეხედულებების გამო. თუმცა, აქვე გეტყვით, რეორგანიზაცია მანამდე გვქონდა გამოცხადებული და ძალიან ბევრი და დიდი ცვლილებები იქნება მუნიციპალიტეტში" - განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, სხვადასხვა საბიუჯეტო უწყების ასობით თანამშრომელმა საპროტესტო წერილი გამოაქვეყნა.

"სისტემა იწმინდება, ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი" - ასე გამოეხმაურა 2 დეკემბერს ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე საჯარო უწყებების თანამშრომლების პროტესტის განცხადებებს.

მოგვიანებით, 9 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას აპირებს, რომლის მიხედითაც," რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება". ოცნების აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, "ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს საჯარო სექტორის გაჯანსაღებას".

კომენტარები