საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ პროცესებს. რაც შეეხება ქართველი დიპლომატებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა წევრმა ქვეყნებმა ეს გადაწყვეტილება შიდა წესებში თავად უნდა დანერგონ. ამის შესახებ კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ პროცესებს და ამას დიდი შეშფოთებით ვუყურებთ ამის შესახებ დღეს ვიმსჯელეთ, თუ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ საქართველოს მთავრობას გავუგზავნოთ სიგნალები, რომ ეს ევროპული კურსის კუთხით სწორი მიმართულება არ არის და არის რაღაცები, რაც შეგვიძლია კიდევ განვიხილოთ. რაც შეეხება [დიპლომატებისთვის] ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას – გადაწყვეტილება დღეს მივიღეთ და ახლა შიდა წესებში ეს წევრმა ქვეყნებმა თავად უნდა დანერგონ". - თქვა კალასმა.
მანამდე, ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო.





