ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ცაჰკნა საქართველოზე: ესტონეთმა წამოაყენა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის ინიციატივა

Priit Mürk/ERR

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნას თქმით, საქართველოში კარგი ვითარება არ არის, რასაც ესტონეთი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ინიციატივით პასუხობს. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

"საქართველოში არ არის კარგი ვითარება, ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია და ერთი საკითხი, რასაც ესტონეთი სთავაზობს, არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის ინიციატივა. მე არ ვამბობ, რომ ეს ხვალვე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა გვქონდეს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, ატყუებს საკუთარ ხალხს და მათ უნდა შეცვალონ კურსი". - თქვა ცაჰკნამ.

ამასთან, მზია ამაღლობელის შიმშილის, ყოფილ პრემიერზე თავდასხმისა და 60 დღის განმავლობაში ხალხის ქუჩაში დგომის ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა რეალურ ქმედებებს ევროკავშირისგან, ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ესტონეთი რეალურ ნაბიჯებს გადადგამს.

"ესტონეთის მხრიდან გვექნება ასეთი რეალური ქმედებები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და ვიცით, რომ ის ყველაფერი, რაც ახსენეთ, საქართველოში ხდება. არ გვჯერა და არ შეგვიძლია, დავიჯეროთ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება რეალურად. ამიტომ, ვიმედოვნებ, ვიპოვით გზებს საქართველოსთან დაკავშირებით მეტი გადაწყვეტილების მისაღებად". - თქვა ცაჰკნამ.

კომენტარები