კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი ირაკლი კუპრაძე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს რაჟდენ კუპრაშვილს მიმართავს, გამოაქვეყნოს ქართული ოცნების საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციები.
როგორც კუპრაძე განმარტავს, ქართული ოცნების მაღალჩინოსნების დეკლარაციები უკვე თითქმის 1 წელია აღარ ქვეყნდება, რაც კანონდარღვევაა.
"ქართული ოცნების არალეგიტიმურმა წარმონაქმნმა, რომელსაც ჰქვია ანტიკორუფციული ბიურო, ბოლო თითქმის 1 წლის განმავლობაში დაიწყო ქართული ოცნების კორუმპირებული ჩინოვნიკების დეკლარაციების გადამალვა.
არ ქვეყნდება საჯარო პირების დეკლარაციები. რაჟდენ კუპრაშვილი ეს კომიკური და კარიკატურული ფიგურა, რომელიც ემსახურება რუსულ რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ საქმეებს მალავს მნიშვნელოვან დეკლარაციებს, რომლითაც უნდა დადასტურდეს სინამდვილეში, როგორ მდიდრდებიან ქართული ოცნების ჩინოვნიკები ბიუჯეტის ძარცვის ხარჯზე. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაიმალოს ქართული ოცნების შავი ფულის მოპოვების პროცესი და ჩინოვნიკების გამდიდრების უპრეცედენტო მასშტაბები.
ჩვენ ცალსახად ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს საჯარო პირების დეკლარაციების გასაჯაროვება და რაჟდენ კუპრაშვილი, როგორც რუსული რეჟიმის მსახურებაში მყოფი კომიკური ფიგურა, ვალდებული უნდა გახდეს გამოაქვეყნოს შესაბამისი დეკლარაციები.
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა კომიკურმა პერსონაჟმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გაასაჯაროვოს ყველა საჯარო პირის ქონებრივი დეკლარაცია, რომელსაც მალავს ბოლო1 წლის განმავლობაში, და მიზეზად მოყვანილია თითქოსდა ტექნიკური პრობლემა და ხარვეზი ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე". - განაცხადა კურპაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია ძლიერი საქართველო არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაინც შეავსეს ქონებრივი დეკლარაციები, რადგან ანგარიშვალდებულები არიან ხალხის წინაშე.
"მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია ძლიერი საქართველოს ყველას ლიდერს, ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველა არჩეულ დეპუტატს, დაწერილი გვაქვს განცხადება სიების ჩახსნის შესახებ. დაწერილი გვაქვს განცხადება ინდივიდუალური მიმართვის სახით არალეგიტიმური პარლამენტისთვის, რომ შეწყდეს მანდატების და ჩვენი უფლებამოსილება არალეგიტიმურ პარლამენტში. ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევავსოთ შესაბამისი ქონებრივი დეკლარაციები, ამით კოალიცია ძლიერი საქართველო პრინციპულად აბარებს ანგარიშს ქართველ ხალხს. ქონებრივ დეკლარაციას ავსებენ და ასაჯაროვებენ ის პირები, რომლებსაც არაფერი აქვთ დასამალი და ასეთი კოალიცია ძლიერი საქართველო". - თქვა კუპრაძემ.
მან კიდევ ერთხელ მიმართა ივანიშვილის პარლამენტს და მოითხოვა კოალიცია ძლიერი საქართველოს მანდატების შეწყვეტა.





