აშშ-საქართველო

ვაშინგტონში საშუალება მქონდა, მეთქვა, მნიშვნელოვანია, რაც ხდება საქართველოში – ზურაბიშვილი

დოლორეს ბილბაო/ტაბულა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ვაშინგტონში მისი ვიზიტი შეაფასა და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე ისაუბრა.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის ყველა მინისტრს შეხვდა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე, ეს შეხვედრები ხანმოკლე იყო, მას მაინც ჰქონდა საშუალება, ეთქვა, "რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, რამდენად საგანგაშოა ეს იმ რეგიონში, რომელიც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია". 

მეხუთე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ აშშ-სგან ისრაელის შემდეგ თითო ადამიანზე ყველაზე დიდი დახმარება მიიღო, რადგან აშშ-ს საქართველოში სტრატეგიული ინტერესები ჰქონდა, რაც დღესაც არსებობს. მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრებში მისი გზავნილი იყო, რომ საჭიროა, "ძალიან სწრაფად, ძალიან მალე ყურადღება იყოს იმ სიტუაციის მიმართ, რაც არსებობს საქართველოში". ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ამჟამად რეპრესიები მიმდინარეობს და რეჟიმი გეოპოლიტიკურ კურსს ცვლის, ჩინეთს უახლოვდება.

"პრაქტიკულად, ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი. ძალიან ხანმოკლე შეხვედრები იყო, იმიტომ რომ ეს იყო შეხვედრები იმ ღონისძიებების ფარგლებში, სადაც არ არის დიდი დრო იმისთვის, რომ ხანგრძლივად გაშალო გზავნილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. მაგრამ მაინც, იმის საშუალება მქონდა, რომ მეთქვა რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, რამდენად საგანგაშოა ეს იმ რეგიონში, რომელიც ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იქვეა შავი ზღვა, სტრატეგიული ახალი პროექტები, ქვეყანაში, რომელიც ამერიკის დახმარების ობიექტია ბოლო 30 წლის განმავლობაში.

საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პერ კაპიტა, ანუ თითო ადამიანზე, მიიღო ყველაზე დიდი დახმარება [ამერიკისგან], ისრაელის შემდეგ, რაც არ არის ცოტა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკას ჰქონდა ინტერესები და სტრატეგიული ინტერესები საქართველოში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინტერესი დღესაც არსებობს. ეს იყო ჩემი გზავნილი, რომ საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად, ძალიან მალე, ყურადღება იყოს იმ სიტუაციის მიმართ, რაც არსებობს საქართველოში - ერთის მხრივ, რეპრესიები, რომლებიც მიმდინარეობს, დიქტატურის ჩამოყალიბება და ასევე ახალი გეოპოლიტიკური მიმართულებები ამ რეჟიმის, რომელიც რეჟიმია და მიჰყვება რუსეთის მოდელს. არა მხოლოდ რუსეთის მოდელს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებს ჩინეთთან და უთმობს საქართველოში სტრატეგიულ ინტერესებს, რაც, ალბათ, ძალიან სერიოზულად უნდა აინტერესებდეს და აღაშფოთებდეს ამერიკას". - თქვა ზურაბიშვილმა.

მეხუთე პრეზიდენტის მიერ არჩეული მთავარი მიმართულების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტიის მიმართულებას იზოლაცია წარმოადგენს, ხოლო მისი, როგორც სახელმწიფოს ერთადერთი ლეგიტიმური ხმის, მთავარი როლი საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმის გადაცემაა, რომ ლიდერების არჩეული იზოლაცია საზოგადოებას არ უნდა შეეხოს.

"იზოლაცია არის დღევანდელი რეჟიმის მიმართულება და მათი ერთგვარი ახალი ოცნება. ამაზე მუშაობენ, რომ საქართველო დარჩეს მარტო, დარჩეს მარტო რუსეთის წინაშე პოლიტიკურად თუ უსაფრთხოების კუთხით და ჩინეთის წინაშე ეკონომიკურად. ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის ოცნება იყო რეალურად ამ მთელი 30 წლის მანძილზე, რაც მოყვება დამოუკიდებლობის შემდგომ. ამდენად, ჩემი როლი, როგორც ხმა ამ სახელმწიფოსი, რომელსაც სხვა ლეგიტიმური ხმა აღარ აქვს, არის ის, რომ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება იმისთვის, რომ ეს იზოლაცია თუ ეხება ლიდერებს, რომლებიც დიქტატურას ირჩევენ დღეს, არ უნდა ეხებოდეს ქვეყანას, არ უნდა ეხებოდეს საზოგადოებას, არ უნდა ეხებოდეს ჩვენს ხვალინდელ ეკონიმიკას. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს ყველა პარნტიორთან, რომ დღეს დაგვეხმარონ იმისთვის, რომ ხვალ კიდევ უფრო დაეხმარონ საქართველოს". - თქვა ზურაბიშვილმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოლოდინები აქვს მას ტრამპის ადმინისტრაციისგან, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან "რაიმეს გადალაგება" საჭირო არ არის, არამედ საქართველო აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა დაუბრუნდეს.

"ჩემი მიზანი აქ არ იყო რაიმეს გადალაგება და არ ვთვლი, რომ რაიმეს გადალაგება საჭირო იყოს. ჩვენ უნდა დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენ ამერიკელ პარტნიორთან და გავაგრძელოთ ის 30-წლიანი პოლიტიკა, რაც იყო. სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა დავუბრუნდეთ. მე ძალიან მიხარია, რომ სომხეთმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს იმას ნიშნავს რომ კავკასია რჩება ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონად. ამ რეგიონში ჩვენ ვართ ცენტრი და ჩვენი პარტნიორობა ამერიკასთან არის ქვაკუთხედი ამ რეგიონისთვის და ჩვენი მომავლისთვის" . - თქვა ზურაბიშვილმა. 

სამომავლო გეგმების შესახებ დასმულ კითხვაზე მეხუთე პრეზიდენტმა თქვა, რომ "გეგმებზე არასდროს არ პასუხობს". მისივე თქმით, გეგმა ახალი არჩევნების ჩატარებაა. 

"გეგმებზე არასდროს არ ვპასუხობ, იმიტომ, რომ ეს კითხვა არაფერს არ მოიცვას. გეგმა არის, რომ არჩევნები შედგეს, ეს ყველას მოთხოვნაა. ჩვენ ვმუშაობთ ამ არჩევნების პირობებზე. თუკი ისე მოხდება, რომ რეჟიმი დათანხმდება არჩევნებზე, იმიტომ რომ სხვა გზა არ ექნება. თუ არადა თვითონ ჩამოიშლება და ყოველი შემთხვევისთვის უნდა ვიყოთ მზად ორივემხრივ არჩევნებისთვის. ეს არის პირველ რიგში უფრო პარტიების მოვალეობა, ვიდრე პრეზიდენტის. მე ვარ სახელმწიფოს გარანტი და მომავალი სტაბილურობის, ამ არჩევნების დროს და ამ არჩევნების შემდეგ". - თქვა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები