პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის

საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის ლიდერები ბელარუსის არჩევნებს აკვირდებიან

Facebook/სოლიდარობა მშვიდობისთვის - Solidarity For Peace

საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერები, მათ შორის, რუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია და მიხეილ ჟღენტი ბელარუსში, კერძოდ, მისნკში, საპრეზიდენტო არჩევნებზე "საერთაშორისო დამკვირვებლების" სტატუსით იმყოფებიან

"პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ოფიციალური ვიზიტით მიწვეულია ბელორუსის რესპუბლიკაში, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებზე". - წერია პარტიის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. 

პრორუსული პარტიის ლიდერებმა მინსკის რამდენიმე საარჩევნო უბანი უკვე მოინახულეს. სოციალურ ქსელში მათ ისიც დაწერეს, რომ ლიდერები ბელარუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც კომისიის თავმჯდომარე იგორ კარპენკოს კრესკონფერენციაც გაიმართა. 

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, დიდი ალბათობით, უკონკურენტოდ გაიმარჯვებს და ქვეყნის პრეზიდენტი მე-7 ვადით გახდება. ის ბელარუსს უკვე 30 წელია, მართავს. 

რაც შეეხება პარტიას სოლიდარობა მშვიდობისთვის, პარტია ბოლო თვეების განმავლობაში გამოირჩეოდა მკვეთრად პრორუსული განცხადებებითა და საქართველოსა და რუსეთის დაახლოების ინიციატივებით. 

მაგალითად, გასული წლის ივნისში პარტიის ლიდერმა მამუკა ფიფიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების თხოვნით მიმართა. 

ამასთან, აგვისტოში, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრისა და ოლქის ტერიტორიების ნაწილზე კონტროლის მოპოვების ფონზე, ფიფია კურსკში "ჰუმანიტარული დახმარებით" ჩავიდა და ამით სოლიდარობა გამოხატა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. 

2023 წელს ფიფია საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ შეუშვა, რის შემდეგაც ფიფიამ საკუთარ Instagram-გვერდზე დეპუტატის კაბინეტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

ამავდროულად, ფიფია დაახლოებულია პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერთან, ფრიდონ ინჯიასთანაც, რომელსაც ეკუთვნის ანტი-ლგბტ კანონის ინიციატივა. იმ დროს ფიფიამ სოციალურ ქსელში ინჯიასთან ერთად მოსკოვში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით "ჩემი მხარდაჭერა გეი პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს".

კომენტარები