სამთვრობო მედია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის წერილებს ავრცელებს, რომელშიც მიხეილ ყაველაშვილსა და ირაკლი კობახიძეს თანამდებობების დაკავებას ულოცავს.
„თქვენო აღმატებულებავ, მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად.
ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრი shნციპები და იმავდროულად ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობების შესრულებაში!
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური” - ნათქვამია სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ანტონიო გუტერეშის მილოცვაში
„მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა.გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავებას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მომავლის პაქტის მიზნების მიღწევაში.
რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით გაეროს მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის.
ვემხრობი ყველა ძალისხმევას მშვიდობიანი დიალოგის ხელშეწყობისთვის, სამართლის უზენაესობის დაცვისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, მოგიწოდებთ კვლავ გააგრძელოთ გენდერული თანასწორობის პრიორიტეტად მიჩნევა თქვენს მთავრობაში და ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
საქართველოს მთავრობასა და ხალხს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და საქართველოს თემატიკაზე მომუშავე გუნდის მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან ერთად ვმუშაობთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური“ - ნათქვამია სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ანტონიო გუტერეშის მილოცვაში
ამ დრომდე, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო მილოცვები გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 6-სგან მიიღო. ეს ქვეყნებია:
- აზერბაიჯანი;
- სომხეთი;
- ბელარუსი;
- თურქეთი;
- სერბეთი;
- ჩინეთი.
ქართულ ოცნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება კი მიულოცა ან პოზიტიურად გამოეხმაურა მხოლოდ გაეროს 8 წევრი ქვეყნის მაღალჩინოსნები. ეს ქვეყნებია:
- სომხეთი;
- აზერბაიჯანი;
- უნგრეთი;
- თურქეთი;
- ირანი;
- ჩინეთი;
- ვენესუელა - რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს;
- რუსეთი.





