ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გადახდის აპარატებზე კიბერშეტევა ჩვენთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა მოაწყვეს – Anonymous

მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება, Anonymous წერს, რომ თბილისის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებზე კიბერშეტევა ჯგუფთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა მოაწყვეს.

ამის შესახებ დაჯგუფება X-ზე წერს.

"კვირების წინ, Anonymous-მა საქართველოს მთავრობის ყველა სამინისტროს ვებგვერდებში წარმატებით შეღწევის შემდეგ საქართველოში არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ რეჟიმზე კიბერომი გამოაცხადა. 

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაზე დღევანდელი თავდასხმა, რომელიც Anonymous-თან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა მოაწყვეს, გულისხმობდა სალაროებში შეღწევას, რაც პირდაპირი გზავნილია კორუმპირებული მთავრობისთვის, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.

ეს არის გაფრთხილება მჩაგვრელთათვის: თქვენი დანაშაულები დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინაშე დაუსჯელი არ დარჩება.

ქართველ ხალხს: აჯანყდით, წინააღმდეგობა გაუწიეთ და დაიბრუნეთ თქვენი თავისუფლება. ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ". - წერია განცხადებაში.

24 იანვარს დილიდან თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებიდან პროტესტის ხმა ისმოდა - ჩართული იყო საპროტესტო ლოზუნგები, პოლიტიკოსების განცხადებები, საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, სიმღერები.

თბილისის მერიამ ტრანსპორტში ჩართული საპროტესტო სიმღერებისა და განცხადებების გამო, გადახდის სისტემა "პრობლემის აღმოფხვრამდე" გათიშა, მოგვიანებით კი სისტემა აღდგა.

თბილისის მერის კახა კალაძემ თქვა, რომ სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა და მომხდარს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები