რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ ისტორიის გაყალბების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო

European Union

ევროპარლამენტმა რუსეთის დეზინფორმაციასა და უკრაინაში აგრესიის გასამართლებლად ისტორიის გაყალბების მცდელობების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 480-მა დეპუტატმა, 58 იყო წინააღმდეგი ხოლო 58-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

ევროპარლამენტის მიხედვით, 2022 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ე.წ სპეციალური სამხედრო ოპოზიცია დაიწყო ყალბი მიზეზით, თითქოს ამას საკუთარი მოქალაქეების დასაცავად აკეთებდა. 

რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ არ არის ცალკეული შემთხვევა, არამედ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც მოიცავს ჩეჩნეთის წინააღმდეგ ომს,  2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს წინააღმდეგ და 2014-ში უკრაინის დონბასის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებასა და ყირიმის ანექსიას. 

"რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ომის დაწყება მეზობელ უკრაინაში წინ უძღვოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ რამდენიმე საჯარო განცხადება, რომლის მიზანიც იყო გაემართლებინა ძალის გამოყენება ისტორიული რევიზიონიზმის, ყალბი ცნობებისა და უკრაინასა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებზე ექსკლუზიური ინტერესის ზონის აღიარების არალეგიტიმური მოთხოვნებით"

რეზოლუციის მიხედვით, რუსეთი ცდილობს უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას და დეზინფორმაციის გავრცელებას, რათა საზოგადოებებში უკრაინის მხარდაჭერაა შეასუსტოს. 

ასევე, ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მტკიცებას, რომ მას უფლება გააჩნია ექსკლუზიური ინტერესის ზონებზე, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი გმობს რუსეთის მიერ მართლმადიდებლობის გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, კერძოდ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოყენებას გავლენის მოსახდენად მართლმადიდებელ საზოგადოებებზე უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, სერბეთსა და სხვა ქვეყნებში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, ხელი შეუწყონ საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე საზოგადოებრივი ცნობის ამაღლებას.

კომენტარები