დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპის ბრძანებით, აშშ 90 დღით საგარეო განვითარების დახმარებას შეაჩერებს და გადახედავს

დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებს.

ამ გადაწყვეტილების განზრახვა იმით არის ახსნილი, რომ "აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს".

ბრძანების მიხედვით, ტრამპის პოლიტიკა იქნება, რომ არანაირი სახის საგარეო დახმარების გაცემა არ უნდა მოხდეს ისეთი გზით, რომელიც სრულად არ არის თანხვედრაში აშშ-ს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან.

ტრამპის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება 90 დღის განმავლობაში აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებას გულისხმობს და ყველა პასუხისმგებელ დეპარტამენტსა და სააგენტოს უფროსს ავალებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ უცხოური ქვეყნებისთვის, პროგრამების შემსრულებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისა და კონტრაქტორებისთვის დახმარების გაწევა.

ამავდროულად, შეჩერებასთან ერთად დაიწყება აშშ-ს საგარეო დახმარების პროგრამების გადახედვა და შესაბამისი დეპარტამენტები და სააგენტოების უფროსები, სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, განსაზღვრავენ, გააგრძელონ, შეცვალონ თუ შეაჩერონ ხსენებული პროგრამები.

პროგრამების გადახედვისა და 90-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში მანამდეც, სახელმწიფო მდივანი, აშშ-ს პრეზიდენტთან არსებულ ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოსთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გადაწყვეტს, შეცვალოს თუ იგივე ფორმით გააგრძელოს ეს პროგრამები.

ამასთანავე, ტრამპის ბრძანების მიხედვით, ნებისმიერ ახალ საგარეო დახმარების პროგრამაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ან მის მიერ დანიშნული პირის თანხმობა იქნება საჭირო.

კომენტარები