ბიძინა ივანიშივლის ადვოკატის მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებაში ნათქვამია, რომ "საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში" ივანიშვილსა და ბანკ Julius Baer-ს შორის გაუარესებული ურთიერთობების გაშუქებასთან დაკავშირებით.
"უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს". - წერს ივანიშვილის ადვოკატი.
"დაინტერესებულ პირებს გვსურს ვაცნობოთ, რომ საერთაშორისო მედია კონსულტანტი შეეჯახა პრობლემებს საერთაშორისო მედიაში, მათ შორის, შვეიცარიაში ბიძინა ივანიშვილსა და Julius Baer-ს შორის უკანასკნელ პერიოდში გაუარესებული ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო კონსულტანტმა, როგორც კი გაეცნო ქართულ მედია სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას Julius Baer-ის ქმედებების შესახებ, განაცხადა, რომ გავრცელებული განცხადება იმდენად საინტერესო ინფორმაციას შეიცავდა, რომ პრეს-რელიზის ფორმატში განათავსებდა ერთ-ერთი ცნობილ საერთაშორისო მედია პლატფორმაზე და სხვა მედია საშუალებები შემდეგ აიღებდნენ ინფორმაციას აღნიშნული პლატფორმიდან.
მოგვიანებით მედია კონსულტანტმა გვაცნობა, რომ მედია პლატფორმამ უარი თქვა ინფორმაციის განთავსებაზე იმ მოტივით, რომ საქმის წარმოება არ იყო დაწყებული სასამართლოში Julius Baer-ის წინააღმდეგ და ინფორმაციის განათავსებდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავა დაიწყებოდა. გვსურს გაცნობოთ, რომ უცხოელი ადვოკატების მიერ მიმდინარეობს სარჩელის მომზადება, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული და უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება შესაბამის სასამართლოში. აღნიშნული მოტივით ინფორმაციის გამოქვეყნებაზე უარი, რბილად რომ ვთქვათ, გარკვეულ კითხვებს აჩენს.
მედია კონსულტანტი შემდეგ დაუკავშირდა სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებს, თუმცა უარი მიიღო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე.
როგორც დაინტერესებული პირებისთვის არის ცნობილი, Credit Suisse-თან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული პრობლემები ინფორმაციის გამოქვეყნების მიმართულებით. გარკვეული ინფორმაცია ქვეყნდებოდა საერთაშორისო, მათ შორის, შვეიცარიულ მედიაში, მაგრამ, როდესაც ინფორმაცია ეხებოდა მენეჯმენტის ქმედებებს, მაშინვე ჩნდებოდა დაბრკოლებები.
გვსურს გაცნობოთ, რომ Julius Baer-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ეტაპობრივად მოხდება ინფორმაციის გავრცელება". - წერია განცხადებაში.
20 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს, Julius Baer-ს სასამართლოში უჩივის - განცხადება ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ გაავრცელა.
მათი განცხადებით, ივანიშვილისა და მისი ოჯახის საბანკო ტრანზაქციებს Julius Baer აჭიანურებდა, 2024 წლის დეკემბერში კი ივანიშვილს უთხრეს, რომ საბანკო ანგარიშები უნდა დაეხურა.
როგორც კალანდაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, Julius Baer-მა "ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა" ივანიშვილისა და მისი ოჯახის ანგარიშები.
2023 წელს, სინგაპურის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს საქართველოს ექსპრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ივანიშვილის ადვოკატებმა Credit Suisse-ს სინგაპურის გარდა, ახალ ზელანდიასა და ბერმუდაშიც უჩივლეს. საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელიც ივანიშვილის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა მისი ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რამაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი დანაკარგები მოუტანა.
სინგაპურის სასამართლო ვერდიქტში მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი ივანიშვილის პირადი ბანკირის თაღლითურ ქმედებებზე პასუხისმგებელია და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. ივანიშვილისთვის გადასახდელი კომპენსაცია, დაკარგული თანხების გარდა იმ მიუღებელ შემოსავალსაც მოიცავს, რომელსაც ოლიგარქი აქტივების თაღლითობის გარეშე მართვის შემთხვევაში მიიღებდა.
ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი პატრიკ ლესკადრონი 2015 წელს დააკავეს, 2018 წელს მას 5-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, 2020 წელს კი მან თავი მოიკლა.
თავისხმრივ, Credit Suisse-ის წარმომადგენლები სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევენ და გასაჩივრებას გეგმავენ.
"განაჩენი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა არასწორია და ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ დარღვევებს შეიცავს. ვგეგმავთ მტკიცედ განვაგრძოთ გასაჩივრების პროცესი". - წერია შვეიცარიული ბანკის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილმა გასულ წელს ბერმუდის სასამართლოში Credit Suisse-ს ერთი საქმე უკვე მოუგო. შვეიცარიული ბანკის ბერმუდულ ფილიალს ადგილობრივმა სასამართლომ ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
ამავდროულად, მომდევნო კვირაში შვეიცარიული საინვესტიციო ბანკის, UBS-ის მიერ Credit Suisse-ის ყიდვის პროცესი დასრულდება. შესაბამისად, ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდა, საბოლოოდ UBS-ს მოუწევს. UBS-მა Credit Suisse-ის აქციები 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის სანაცვლოდ შეიძინა.
Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები
2024 წლის იანვარში, ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო - კერძოდ, საქმე ეხებოდა ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, რომელსაც ბრალად ხელმოწერებისა და კლიენტის ანგარიშის გამოწერების გაყალბება და ამის საფუძველზე ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა ედებოდა.