რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს

Fabrice Coffrini/Agence France-Presse 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ისეთ კომპრომისზე არ წავა, რომელიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიარებას ითვალისწინებს, ყველა მოკავშირის მხრიდან სერიოზული ზეწოლის შემთხვევაშიც კი.

ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.

"მთელი მსოფლიოს მოკავშირეები რომც გაერთიანდნენ, ჩვენ მაინც არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს შეუძლებელია. ჩვენ იურიდიულად არ ვაღიარებთ მათ. ჩვენთვის ისინი ყოველთვის დარჩებიან ოკუპირებულ ტერიტორიებად, სანამ იქ არ დავბრუნდებით" - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთთან დიალოგი უნდა გაიმართოს მხოლოდ ძალის პოზიციიდან, რადგან აგრესორთან თანასწორად მოპყრობის ნებისმიერი მცდელობა უკრაინისთვის მარცხის ტოლფასია.

"პუტინის სუბიექტივიზირება ამ ისტორიაში არ შეიძლება. მან ყველაფერი დაარღვია. ის დამნაშავეა და ეს უნდა გააცნობიეროს. მაგრამ ის ვერ შეჩერდება, თუ მასთან თანაბარ პირობებში ვისაუბრებთ – ეს უკრაინისთვის მარცხია [...] ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა მოვიძიოთ, რათა ომის ცხელ ფაზას ბოლო მოვუღოთ. ეს პირველხარისხოვანი საკითხია. მოლაპარაკება შეიძლება ბევრჯერ გაიმართოს, მაგრამ მთავარი - აქტიური ფაზის შეჩერებაა. ეს არის უსაფრთხოების ნომერ პირველი გარანტია" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები