თბილისის სააპელაციო სასამართლომ რეჟიმის მიერ დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და მათთან ერთად ბრალდებულების საჩივარი აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შესახებ დაუშვებლად ცნო. ინფორმაციას ადვოკატი ავრცელებს.
"დაცვის მხარეს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის უკანონო გადაწყვეტილება გასაჩივრებული გვქონდა სააპელაციო სასამართლოში. დღეს ჩაგვბარდა განჩინება, რომლითაც პროცესში მონაწილე ყველა ბრალდებულის საჩივარი დაუშვებლად ცნეს" - წერს თორნიკე მიგინეიშვილი და განჩინებიდან ამონარიდს ავრცელებს.
"დგინდება, რომ განჩინების გაცემისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ (ქეთევან ჯაჭვაძე) მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმის მასალები, გამოიკვლია გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების, როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები" - წერია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 იანვარს ძალაში დატოვა აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული 11 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა. სხდომაზე ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის ერთ წარმოებად გაერთიანებული საქმეები განიხილეს.
9 იანვარს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებდა, რომ გამოძიებამ საქმეები ერთ წარმოებად "ხელოვნურად გააერთიანა" და ეს უკანონოა.
11-ვე დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.