დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია

ტრამპმა კუბა ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში ხელახლა დაამატა

დონალდ ტრამპი
Photo: Win McNamee/Getty Images

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გააუქმა  ჯო ბაიდენის მიერ 6 დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიიდან კუბის ამოღების შესახებ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილების მიღებისას განმარტა, რომ აშშ კუბას ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების (SST) სიიდან ამოიღებს იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, რომლებიც კუბაში რეჟიმმა 2021 წლის საპროტესტო აქციების ფარგლებში დააპატიმრა. 

ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ კუბა ტრამპის ადმინისტრაციამ 2021 წელს, ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადა

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ აშშ უწყვეტად განიხილავს ტერორიზმის სპონსორად დასახელებულ სახელმწიფოებს, თუმცა კუბის შემთხვევაში ადმინისტრაციას საკმარისი მტკიცებულება ან ინფორმაცია არ აქვს, რომელიც დაადასტურებდა, რომ კუბა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა. 

მათ ასევე დაამატეს, რომ აშშ-მ მრავალი დიპლომატიური მოთხოვნა მიიღო წოდების მოხსნის შესახებ, მათ შორის, კოლუმბიისგან, ბრაზილიისგან, ჩილესგან, კანადისგან და ევროკავშირისგან. 

კომენტარები