ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-ს სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიოს დამტკიცებას ყველა სენატორმა დაუჭირა მხარი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო
Kent Nishimura / Bloomberg

აშშ-ს სენატმა 20 იანვარს სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი, მარკო რუბიო დაამტკიცა. ის პირველი მაღალჩინოსანია ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში, რომლის კანდიდატურასაც ამერიკელმა სენატორებმა დაუჭირეს მხარი.

სენატში კენჭისყრა ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე საათშივე შედგა და რუბიოს სრული ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა - მას მხარი 99-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არცერთი იყო.

რუბიო ფლორიდელი რესპუბლიკელი სენატორი 2011 წლიდან მოყოლებული იყო და ტრამპის მიერ თანამდებობაზე მისი წარდგენის შემდეგ, რამდენიმე დემოკრატმა სენატორებმა მხარდაჭერა თავიდანვე გამოუცხადა.

მარკო რუბიო სენატში 2010 წელს აირჩიეს და საგარეო პოლიტიკის მხრივ იგი ე.წ. "ქორად", ანუ ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრედ, ითვლება, განსაკუთრებით, ჩინეთის, ირანის, ვენესუელისა და კუბის მიმართ.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუბიო ამბობდა, რომ აშშ-მ "ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინას პუტინის დამარცხებაში დაეხმაროს". ხოლო წინა წელს რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს ინტერესშია, უკრაინას თავის დაცვაში დაეხმაროს, თუმცა მან ხაზი გაუსვა ევროპელი მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად მეტის გაკეთების საჭიროებას. ბოლო პერიოდში მარკო რუბიოს ნათქვამი აქვს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა დასრულდეს, რაც წინასაარჩევნოდ დონალდ ტრამპის გზავნილიც იყო.

კომენტარები