ფედერალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ფორმულასთან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა Fox News-ზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ნახა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა ეს ეთერი კარგად გამოიყენა.
ფედერალისტების ლიდერები, გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი, ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის მეგადონორების მიღებაზე იყვნენ მიწვეულები, სადაც ისინი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს გაესაუბრნენ.
"ჩვენ გვქონდა გუშინ, კიდევ ერთ წვეულებაზე შესაძლებლობა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონი გაგვეცნო. პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ის წინა დღით გაიცნო. მასთან საქართველოზე საუბრისას გვითხრა, რომ შეხვდა ჩვენს პრეზიდენტს, FOX-ის ეთერი ნახა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა კარგად გამოიყენა ეს ეთერიო" - თქვა გიგა ბოკერიამ
ბოკერიამ ხაზი გაუსვა ასეთი ეთერებისა და პირდაპირი კომუნიკაციების მნიშვნელობას, რადგან მათი მეშვეობით საქართველო რჩება აშშ-ის სტრატეგიული ხედვის რუქაზე:
"რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას - ერთი ეთერი, ფრაზა ან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა არ არის ის, რაც საქართველოს ბედს განსაზღვრავს, მაგრამ ეს ის არის რაც გვჭირდება. ჩვენ უნდა ვიყოთ აშშ-ს სტრატეგიული ხედვის რუქაზე, ამის გარეშე ჩვენი რისკები, იმ უზარმაზარი საფრთხის წინაშე, რაც მოდის ჩვენი მეზობელი რუსეთისგან, ასმაგად იზრდება. ამიტომ იმ პირობებში, როცა ხელისუფლება არ გვყავს, რომელიც ამაზე იმუშავებს და ამის საპირისპიროდ მუშაობს, ყველა ამ ტიპის ინტერაქცია ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ამიტომ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კარგად შეასრულა ის სამუშაო, რაც ჩვენს ქვეყანას დღეს სჭირდება."
ფორმულასთან ინტერვიუში ბოკერიამ ასევე განაცხადა, რომ "წლებია ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება რომელიც აქ იმუშავებდა ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან საქართველოს ეროვნული ინტერესების მისატანად. ჩვენი, ფედერალისტების გზავნილი მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, გარდა იმისა, რომ მორალურად სწორია - ქართველი ხალხის თავისუფლების მხარდაჭერა, რაც პირდაპირ უკავშირდება პროტესტს ქუჩაში.
ამას გარდა, თავისუფალ სამყაროს აქვს პრაგმატული ინტერესი, რომ ამ რეგიონში, თავისუფალი სამყაროს ინტერესების დასაცავად არსებობდეს ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ცალსახად ნაწილი დასავლური ცივილიზაციის, არის პროდასავლური, პროამერიკული და პროევროპული კი არა, ნაწილია ამ სამყაროსი და ბუნებრივი მოკავშირეა და საქართველოს დაცულობა იქნება ფაქტორი, ყველა იმ აგრესიული ძალის შეკავებისა, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს - რუსეთი და მისი მოკავშირე ტირანიები, სამწუხაროდ ჩინეთი, რომელიც მისი მოკავშირეა და სხვა საფრთხეები, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს.
საქართველოს შიგნით სახელმწიფოებრიობის კოლაფსი, რაც არის რუსეთის ამოცანა და რასაც ხელს უწყობს ჩვენივე ხელისუფლება, იქნება არამარტო ქართველი ხალხის ტრაგედია, არამედ დარტყმა თავისუფალი სამყაროს პრაგმატული უსაფრთხოების ინტერესებისთვის"
სალომე ზურაბიშვილმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში პრორუსული მთავრობა აშშ-ს სტრატეგიული ინტერესებს დააზიანებს. მისივე თქმით, "ხვალ საქართველო ამერიკის დიდი წარმატება ან ამერიკისთვის დიდი პრობლემა შეიძლება იყოს" და საქართველოს "სჭირდება ამერიკა, მაგრამ" ის ამერიკასაც სჭირდება.
"მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს ძლიერი მოკავშირე იქნება ისეთ დროს, როდესაც საქართველოს იგი დასჭირდება" - თქვა ასევე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში