TikTok-ის აკრძალვა აშშ-ში

ტრამპის თქმით, ბრძანებას გამოსცემს, რათა TikTok-ზე აკრძალვა დროებით გადაიდოს

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, იგი აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს, რათა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვაზე კანონის აღსრულება დროებით გადაიდოს.

"ორშაბათს ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რათა გახანგრძლივდეს დროის პერიოდი, სანამ კანონის აკრძალვები ძალაში შევა, რათა შევძლოთ, მივაღწიოთ შეთანხმებას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად". - დაწერა ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე.

ტრამპმა დაამატა, რომ მისი ბრძანებით, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ნებისმიერი კომპანია, რომელიც ინაუგურაციამდე TikTok-ს გათიშვის თავიდან არიდებაში დაეხმარება.

ამასთანავე, ტრამპის თქმით, მას სურს, რომ "TikTok-ის გადასარჩენად" აშშ პლატფორმის 50%-იან წილს დაეუფლოს და "ძველ ან ახალ მფლობელებთან ერთობლივი საქმიანობა შედგეს".

ცნობისთვის, დღეს, 19 იანვარს, აშშ-ში ფედერალური აკრძალვის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok გაითიშა. აპლიკაციის აკრძალვა ოფიციალურად აშშ-ს დროით ღამის 12 საათზე შევიდა ძალაში. 

18 იანვარს კომპანიამ განაცხადა, რომ მომდევნო დღეს აპლიკაცია სრულად გაითიშებოდა, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Apple-ისა და Google-ის მსგავს კომპანიებს გარანტიებს არ მისცემდა, რომ TikTok-ის აკრძალვის შემთხვევაში, მათ არ ექნებოდათ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის ვალდებულება.

ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, გავრცელებული ცნობებით, აშშ-ში TikTok-ზე წვდომა უკვე აღდგენილია.

აშშ-ს კონგრესმა 2024 წლის აპრილში მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც TikTok-ს მშობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა ან არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაციის გათიშვა აერჩია. 

TikTok-მა განაცხადა, რომ ეს "უბრალოდ შეუძლებელი იყო: კომერციულად, ტექნოლოგიურად და ლეგალურად". კომპანიას ეს პოზიცია პლატფორმის გათიშვამდე ეჭირა. 

კომენტარები