TikTok-ის აკრძალვა აშშ-ში

ტრამპის თქმით, TikTok-ის ყიდვას Microsoft განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ კომპანია Microsoft მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok-ის ყიდვას განიხილავს.

ჟურნალისტების კითხვას, Microsoft ჩართულია თუ არა TikTok-ის ყიდვის მოლაპარაკებებში, ტრამპმა უპასუხა: "ვიტყოდი, რომ კი". მან დაამატა, რომ TikTok-ის ყიდვით სხვებიც არიან დაინტერესებულები და აღნიშნა, რომ მას მოსწონს კონკურენცია, რადგან ასეთ პირობებში საუკეთესო შეთანხმების მიღწევაა შესაძლებელი.

19 იანვრიდან დაწყებული აშშ-ში ძალაში შევიდა ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანება, რომელიც TikTok-ის აკრძალვას გულისხმობდა იმ შემთხვევაში, თუკი პლატფორმა ამერიკელ ან მოკავშირე ქვეყნის მყიდველზე არ გაიყიდებოდა.

20 იანვარს, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი ბრძანება იყო TikTok-ის აკრძალვის აღსრულების 75 დღით გადაწევა. 

კანონი ფართო მოქმედების სივრცეს ანიჭებს პრეზიდენტს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღსრულდეს აკრძალვა. ინაუგურაციამდე ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე პირობა დადო, რომ TikTok-ის აკრძალვაზე კანონის აღსრულებას დროებით გადაავადებდა და დაამატა, რომ მისი ბრძანებით, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ნებისმიერი კომპანია, რომელიც ინაუგურაციამდე TikTok-ს გათიშვის თავიდან არიდებაში დაეხმარება.

ამავე პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს, "TikTok-ის გადასარჩენად" აშშ პლატფორმის 50%-იან წილს დაეუფლოს და "ძველ ან ახალ მფლობელებთან ერთობლივი საქმიანობა შედგეს". ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ TikTok-მა X-ზე განაცხადა, რომ აშშ-ში მომსახურების მიწოდებას გააგრძელებენ.

 

კომენტარები