აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok-ზე აკრძალვის აღსრულებას 75 დღით გადაავადებს.
ტრამპმა რეპორტიორებს უთხრა, რომ მან TikTok-ზე აზრი მას შემდეგ შეიცვალა, რაც პლატფორმა თავადვე გამოიყენა.
განკარგულების ფარგლებში ტრამპმა დირექტივა მისცა აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს, არ აღასრულოს TikTok-ის აკრძალვის შესახებ მიღებული კანონი, რომელსაც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა.
კანონს ხელი ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აპრილში მოაწერა და იგი 19 იანვრიდან დაწყებული აშშ-ში TikTok-ის აკრძალვას გულისხმობდა იმ შემთხვევაში, თუკი პლატფორმა ამერიკელ ან მოკავშირე ქვეყნის მყიდველზე არ გაიყიდებოდა.
ამასთანავე, კანონი ფართო მოქმედების სივრცეს ანიჭებს პრეზიდენტს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აღსრულდეს აკრძალვა. ინაუგურაციამდე ტრამპმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე პირობა დადო, რომ TikTok-ის აკრძალვაზე კანონის აღსრულებას დროებით გადაავადებდა და დაამატა, რომ მისი ბრძანებით, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ნებისმიერი კომპანია, რომელიც ინაუგურაციამდე TikTok-ს გათიშვის თავიდან არიდებაში დაეხმარება.
ამავე პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს, "TikTok-ის გადასარჩენად" აშშ პლატფორმის 50%-იან წილს დაეუფლოს და "ძველ ან ახალ მფლობელებთან ერთობლივი საქმიანობა შედგეს". ტრამპის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ TikTok-მა X-ზე განაცხადა, რომ აშშ-ში მომსახურების მიწოდებას გააგრძელებენ.
ცნობისთვის, დღეს, 19 იანვარს, აშშ-ში ფედერალური აკრძალვის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლე ვიდეოების პლატფორმა TikTok გაითიშა. აპლიკაციის აკრძალვა ოფიციალურად აშშ-ს დროით ღამის 12 საათზე შევიდა ძალაში.
18 იანვარს კომპანიამ განაცხადა, რომ მომდევნო დღეს აპლიკაცია სრულად გაითიშებოდა, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Apple-ისა და Google-ის მსგავს კომპანიებს გარანტიებს არ მისცემდა, რომ TikTok-ის აკრძალვის შემთხვევაში, მათ არ ექნებოდათ კომპანიასთან თანამშრომლობის შეწყვეტის ვალდებულება.
ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, გავრცელებული ცნობებით, აშშ-ში TikTok-ზე წვდომა უკვე აღდგენილია.
აშშ-ს კონგრესმა 2024 წლის აპრილში მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც TikTok-ს მშობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა ან არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაციის გათიშვა აერჩია.
TikTok-მა განაცხადა, რომ ეს "უბრალოდ შეუძლებელი იყო: კომერციულად, ტექნოლოგიურად და ლეგალურად". კომპანიას ეს პოზიცია პლატფორმის გათიშვამდე ეჭირა.