სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში დაკავებული პრეზიდენტის მხარდამჭერი მომიტინგეები სასამართლოში შეიჭრნენ

Sankei.com

19 იანვრის დილით სამხრეთ კორეაში დაკავებული პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის ასობით მხარდამჭერი სასამართლოს შენობაში შეიჭრა - მომიტინგეებმა ფანჯრები ჩაამტვრიეს და შენობაში შეაღწიეს.

პროტესტის გამწვავება პრეზიდენტის წინასწარი პატიმრობის 20 დღით გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მოყვა. პოლიციამ პროტესტის 46 მონაწილე დააკავა.

17 იანვარს 5 საათიანი მოსმენის შემდეგ, 3 დეკემბერს საომარი მდგომარეობის გამოცხადების დროს ამბოხებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურების რისკის მოტივით, სეულის დასავლეთის ოლქის სასამართლომ პრეზიდენტის წინასწარი პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, კვირას, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე, პრეზიდენტის მხარდამჭერები სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ. 

როგორც წერს CNN, პროტესტანტებმა ცეცხლმაქრები მიუშვირეს პოლიციელთა რიგებს, რომლებიც შენობის მთავარ შესასვლელს იცავდნენ, შემდეგ კი შიგნით შეიჭრნენ, სადაც საოფისე ტექნიკა, ავეჯი და სხვა ინვენტარი გაანადგურეს.

გამომცემლობა Yonhap-ის ინფორმაციის, პროტესტის დროს 9 პოლიციელი დაშავდა.

სეულის დასავლეთის ოლქის სასამართლოს მახლობლად მყოფი საგანგებო დახმარების წარმომადგენლის თქმით, აქციის მიმდინარეობისას მცირედ დაშავდა დაახლოებით 40 ადამიანი.

15 იანვარს სამხრეთ კორეის საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი გადატრიალების ბრალდებებით დააკავა მას შემდეგ, რაც იგი დათანხმდა, რომ "სისხლისღვრის" არიდების მიზნით, მისი აზრით, უკანონო გამოძიებას დაემორჩილებოდა.

ეს პირველი შემთხვევაა სამხრეთ კორეის ისტორიაში, როდესაც თანამდებობაზე მყოფი პრეზიდენტის დაკავება მოხდა. 

იუნის ადვოკატების თქმით, დაკავების ორდერი არაკანონიერია, რადგან ის არასწორ იურისდიქციაში მყოფმა სასამართლომ გამოსცა და მათი აზრით, პრეზიდენტის გამოსაძიებლად შექმნილ გუნდს მსგავსი ქმედებებისთვის შესაბამისი მანდატი არ აქვს.


3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა. 

"სამხედრო მდგომარეობის მიზანი პრო-ჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და თავისუფლების კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა" – თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში. 

იოლის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი "მძევლად აიყვანეს" და მათ ქვეყნის კრიზისში ჩათრევა სურდათ. 

ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში მხარი არ დაუჭირა მთავრობის ბიუჯეტის წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი მკვეთრად შემცირება მოითხოვა. ასევე, პარტიამ სახელმწიფო აუდიტისა და გენერალური პროკურორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა.

პრეზიდენტის ქმედებების გამო 14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პარლამენტის 300 დეპუტატიდან იმპიჩმენტის მომხრე 204 დეპუტატი, ხოლო წინააღმდეგი 85 იყო. ეს იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა იყო, მას შემდეგ რაც მან 3 დეკემბერს მოულოდნელად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები