სამხრეთ კორეა

იმპიჩმენტის შემდეგ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი გამოძიების სამსახურმა დააკავა

15 იანვარს სამხრეთ კორეის საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი გადატრიალების ბრალდებებით დააკავა მას შემდეგ, რაც იგი დათანხმდა, რომ "სისხლისღვრის" არიდების მიზნით, მისი აზრით, უკანონო გამოძიებას დაემორჩილებოდა.

ეს პირველი შემთხვევაა სამხრეთ კორეის ისტორიაში, როდესაც თანამდებობაზე მყოფი პრეზიდენტის დაკავება მოხდა. ახლა სამართალდამცავებს 48 საათი აქვთ მის დასაკითხად, რის შემდეგაც მათ ან ორდერის მოპოვება დასჭირდებათ მისი არაუმეტეს 20 დღემდე დაკავებისთვის ან მოუწევთ, იგი გაათავისუფლონ.

იუნის ადვოკატების თქმით, დაკავების ორდერი არაკანონიერია, რადგან ის არასწორ იურისდიქციაში მყოფმა სასამართლომ გამოსცა და მათი აზრით, პრეზიდენტის გამოსაძიებლად შექმნილ გუნდს მსგავსი ქმედებებისთვის შესაბამისი მანდატი არ აქვს.

მანამდე, სამართალდამცავებმა საპრეზიდენტო სასახლეში იუნ სუკ იოლის დაკავება 3 იანვარსაც სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა არ მისცა. ხოლო ექვსსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, კორუფციის გამოძიების სამსახურმა თავისი პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაკავების ორდერის აღსრულება გადადო.

სამხრეთკორეული გამოცემა Yonhap-ის ცნობით, პოლიციამ, რომელიც ერთობლივი საგამოძიებო გუნდის ნაწილია, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე თანამდებობრივი ვალდებულების აღსრულებაში ხელშეშლაში ეჭვმიტანილებად ცნეს და დაკითხვაზე დაიბარეს. 

სასამართლომ იუნ სუკ იოლის წინააღმდეგ დაკავების ორდერი დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაკითხვისთვის გამოცხადების ბრძანებებს უგულებელყოფდა. 

სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის წინააღმდეგ გამოძიება "აჯანყების" მუხლით მიმდინარეობს მის მიერ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გამო.

აჯანყება იმ ორ დანაშაულს შორის ერთ-ერთია, რომლისგანაც იმუნიტეტი პრეზიდენტსაც არ აქვს. მეორე მხრივ, პრეზიდენტს აქვს პოლიციის უფროსისა და გენერალური პროკურორის შეცვლის უფლებამოსილება, რაც გამოძიების ჩატარებას ძალიან ართულებს.


3 დეკემბერს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა. იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილების მიზეზად ოპოზიციის მიერ "ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და გადატრიალების მცდელობის დაგეგმვა" დაასახელა. 

"სამხედრო მდგომარეობის მიზანი პრო-ჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და თავისუფლების კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა" – თქვა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში. 

იოლის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესი "მძევლად აიყვანეს" და მათ ქვეყნის კრიზისში ჩათრევა სურდათ. 

ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტში მხარი არ დაუჭირა მთავრობის ბიუჯეტის წარმოდგენილ დოკუმენტს და მისი მკვეთრად შემცირება მოითხოვა. ასევე, პარტიამ სახელმწიფო აუდიტისა და გენერალური პროკურორის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა.

პრეზიდენტის ქმედებების გამო 14 დეკემბერს სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. პარლამენტის 300 დეპუტატიდან იმპიჩმენტის მომხრე 204 დეპუტატი, ხოლო წინააღმდეგი 85 იყო. ეს იუნ სუკ იოლის იმპიჩმენტის მეორე მცდელობა იყო, მას შემდეგ რაც მან 3 დეკემბერს მოულოდნელად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები