რუსული რეჟიმი

რეჟიმი სატელიტების მეშვეობით ოპოზიციურ ამომრჩეველს გასამართლებით ემუქრება

ქართული ოცნება სატელიტი პარტიებისა და მოძრაობების მეშვეობით ოპოზიციური ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს. 

ბოლო დღეებია ქართულმა ოცნებამ სატელიტი ორგანიზაციების, საჯარო სპიკერებისა და სამთავრობო მედიის მეშვეობით დაიწყო კამპანია, რომლითაც გასამართლებით არა მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ მათ ამომრჩევლებსაც ემუქრება.

სამთავრობო ტელევიზია იმედი აქტიურად აშუქებს რეჟიმთან დაკავშირებულ სამთავრობო სპიკერებსა და ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ინიციატივას "ოპოზიციურ ამომრჩეველთა გასამართლების" შესახებ.

გუშინ, 15 ოქტომბერს, ივანიშვილის სატელიტი მოძრაობის, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ლიდერმა, ვატო შაქარაშვილმა განაცხადა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნოდ მხარს მმართველი პარტიის ნაცვლად, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს უჭერს, "დანაშაულის მონაწილეები არიან". 

"ისინი, ვინც ხმას კვლავ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას აძლევს არათუ მხარდამჭერი, არამედ დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან.

საერთაშორისო და ქართული სამართლის პრაქტიკის შესაბამისად, სისხლის სამართლის დამნაშავის, შემსრულებელთან ერთად, მისი წამქეზებელი, დამხმარე და ორგანიზატორიც არის, ხოლო ადამიანები, რომელიც ნაცმოძრაობასა და მის დანაყოფებს მხარს უჭერენ, აგიტაციას უწევენ და ხმას აძლევენ, მათი დანაშაულის თანამონაწილეები ხდებიან". - თქვა ვატო შაქარაშვილმა.

ვატო შაქარაშვილმა ასევე ბრალი დასდო "ჯაშუშობაში" ოპოზიციური პარტიების ორ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას

ბიძინა ივანიშვილის სატელიტ მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, "აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება".

"სააკაშვილის კვალდაკვალ ბევრად მცირერიცხვოვანი, მაგრამ რამდენიმე ათასი ადამიანი უცხო ქვეყნის კიდევ ორ ჯაშუშს, გახარიასა და ხაზარაძეს ტოვებს საკუთარი მხარდაჭერით პოლიტიკაში

არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მათი სამართლებრივი მსჯავრდადების პარალელურად, აუცილებლად უნდა დაიწყოს კოლექტიური ნაცმოძრაობის ამომრჩეველთა მხილება და გასამართლება". - განაცხადა რეჟიმის სატელიტმა მოძრაობამ, ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ

ასევე დღეს, 16 ოქტომბერს, სამთავრობო სპიკერმა, გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამომრჩევლები, რომლებიც მხარს უჭერენ ოპოზიციურ პარტიებს "დანაშაულს ჩადიან და ამისთვის, აუცილებლად მოეკითხებათ".

"ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს ნაციონალურ, ფაშისტურ რეჟიმს, რომელმაც პასუხისმგებლობა აკისრია და აუცილებლად მოეკითხება ან მიწაზე, ან “იქ” მოეკითხება.

აუცილებლად მოეკითხება.

გამოჩნდა ხალხი, რომლებსაც ამის თქმის არ ეშინია - რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იცოდეს, საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომ ვინც ხმას აძლევს ნაციონალურ მოძრაობას და ამ სატელიტებს მათ გარშემო - ისინი ბოროტმოქმედებას ჩადიან, დანაშაულს ჩადიან და ქმნიან პირობას საკუთარი შვილების, საკუთარი მომავლის და საკუთარი ქვეყნის დანგრევის-გაცამტვერების". - თქვა გოგა ხაინდრავამ

ივანიშვილის რეჟიმი ანტი-ოპოზიციური კამპანიის ფარგლებში, სამთავრობო სპიკერების დახმარებით მიმდინარე წინასაარჩევნო კლიმატზე ზემოქმედებას ცდილობს.

ცნობისთვის, კიდევ ერთი სამთავრობო სპიკერი, გიორგი ზერეკიძე პროპაგანდისტულ ტელეკომპანია იმედთან საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიის ამომრჩევლები, არჩევნებზე ხმის დაფიქსირებით მხარს უჭერენ "ათასობით ოჯახის გაუბედურებას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობით გაუბედურდა". 

"თუ მათი ამომრჩეველი დღემდე ვერ მიხვდა მათი მხარდაჭერით რას აძლევენ ხმას, მოვიდნენ ჩემთან და მე ავუხსნი, რომ მათი მხარდაჭერით მხარს უჭერენ 14 წლის ბავშვის 10 წლით ციხეში გაშვებას, ჩემ წამებას, მამაჩემის წამებით გარდაცვალებას ციხეში და იმ ათასობით ოჯახის გაუბედურებას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მმართველობით გაუბედურდა.

საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ესენი არიან მჩაგვრელი, მოძალადე რეჟიმი". - თქვა ზერეკიძემ. 

გუშინ, 15 ოქტომბერს, ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

ორგანიზაცია ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.

ISFED-ის თქმით, ქართული ოცნების პარტიული აქტივისტები, არასაჯარო საკომუნიკაციო არხების მეშვეობით, მუქარისა და შანტაჟის შემცველ დეზინფორმაციასაც ავრცელებენ.

"მმართველი პარტიის აქტივისტები არასაჯარო საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით, ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი" - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ამომრჩველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენება უსაფრთხოა, ხოლო კენჭისყრის ფარულობა უზრუნველყოფილია.

"ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენება უსაფრთხოა და ვერავინ გაიგებს, რომელმა ამომრჩეველმა, რომელ პარტიას მისცა ხმა.

ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული და საარჩევნო ბიულეტენი არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული ამომრჩევლის ბიულეტენთან დაკავშირება. 

შესაბამისად, კენჭისყრის ფარულობა უზრუნველყოფილია". - წერს ISFED-ი

კომენტარები