გამოცემა The New York Times-ის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა, რომ აშშ უკრაინის სამხედრო დრონების წარმოების განვითარებას საიდუმლოდ ეხმარებოდა.
აშშ-ს მხრიდან უკრაინის სამხედრო დამხარების უმეტესი ნაწილი, რაც რაკეტებისთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ტანკებისთვის, არტილერიისთვისა და წვრთნისთვის მილიარდობით დოლარს მოიცავს, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო.
თუმცა, როგორც NYT წერს, აშშ უკრაინას ასევე დრონების წარმოების განვითარებაში საიდუმლოდ ეხმარებოდა.
გამოცემის ცნობით, აშშ დრონების მწარმოებლების დასახმარებლად და სათადარიგო ნაწილების შესასყიდად უკრაინას ფინანსებს აწვდიდა. ანონიმური წყაროების თანახმად, აშშ უკრაინაში ასევე დაზვერვის უფროსებს გზავნიდა, რომლებიც დრონების წარმოების პროგრამას ეხმარებოდნენ.
NYT-ის თანახმად, 2024 წლის შემოდგომაზე პენტაგონმა უკრაინაში დრონების წარმოებისთვის 800 მილიონი დოლარი გამოყო, რაც დრონების კომპონენტების შესყიდვასა და დრონების მწარმოებლების დაფინანსებას მოხმარდა. ამავე წლის სექტემბერში თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს კი ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინაში დრონების წარმოებისთვის დამატებით 1.5 მილიარდ დოლარს გამოყოფდნენ.
გამოცემის თანახმად, ამერიკელი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ამ დახმარებამ უკრაინის დრონები უფრო ეფექტიანი გახადა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა აღნიშნა, რომ დრონების წარმოებაში მიწოდებულ დახმარებას ომზე სტრატეგიული გავლენა ჰქონდა.
“ვნახეთ, თუ როგორ ხდებოდა უპილოტო საფრენი აპარატები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი უკრაინაში ბრძოლისთვის და ცენტრალური მნიშვნელობის იქნება ყველა მომავალი ბრძოლისთვის“. - თქვა სულივანმა.
სალივანმა თქვა, რომ დრონების წარმოების ძალისხმევა 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის პირველი კონტრშეტევის შემდეგ დაიწყო, როდესაც უკრაინის შესაძლებლობების შეზღუდულობა გამოჩნდა. მისივე თქმით, ეს ძალისხმევა უკრაინის მეორე კონტრშეტევისთვის მზადების დროს გაძლიერდა. თუმცა, კონტრშეტევა, ამის მიუხედავად, ნაკლებად წარმატებული იყო.
როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს თანამდებობის პირების თქმით, მეორე კონტრშეტევის შემდეგ აშშ-მ უკრაინის დრონების წარმოების მხარდაჭერა სწრაფად გაზარდა და ბაიდენის ადმინისტრაცია, ფინანსურ დახმარებასთან ერთად, აშშ-ს ტექნოლოგიურ კომპანიებსა და უკრაიინის დრონის მწარმოებლებს შორის ბმების ჩამოყალიბებაზე მუშაობდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირები ასევე ხაზს უსვამენ უკრაინული საზღვაო დრონების ეფექტიანობას. მათი თქმით, უკრაინულმა საზღვაო დრონებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეოთხედი გაანადგურეს.
NYT-ის მიხედვით, სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დრონების წარმოების განვითარების ძალისხმევის პარალელურად მნიშვნელოვანი გაკვეთილები გამოიკვეთა, რომლებსაც ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ს თავდაცვის ინდუსტრიაში ნერგავს.